Monday, May 24, 2021

დრამატურგიაზე და მის სწავლებაზე

 

 დრამატურგიაზე და მის სწავლებაზე

 ლევან ხეთაგური

ყოველთვის მეღიმება  როდესაც 21-ე საუკუნეში დრამატურგიის არსებობაზე (კლასიკური გაგებით), თეატრისთვის მის აუცილებლობაზე ანდა ახალი პიესების ნაკლებობაზე საუბრობენ.

რატომ?

 მათ ვისაც ჰგონიათ რომ თეატრის განვითარებისთვის დრამატურგიაა აუცილებელი თავი 19-ე საუკუნის ეროვნული თვითგამორკვევის პროცესში ჰგონიათ, სადაც თეატრი/დრამატურგია ხელოვნების გარდა ეროვნული იდენტობის/მეობის ნაწილს წარმოადგენდა, როგორც ენის, ასევე ეროვნულობის შენარჩუნების მიხედვით. და ეს უკვე ისტორიულ ფაქტს წარმოადგენს. თეატრმა უდიდესი როლი შეასრულა ამ ფუნქციით ისტორიულ მონაკვეთზე, რის მიღმაც რიშელიეს პოლიტიკურ იდეოლოგიური დაკვეთა კლასიცისტების მიერ იყო შესრულებული რეალიზებული ფრანგული ეროვნული - დრამატული თეატრის შექმნით და შემდეგ მისი დამკვიდრებით (არ შევალ ახლა რიშელიეს და ფრანგული თეატრის ისტორიის საკითხების განხილვაში).

 

სწორედ ფრანგული დრამატული თეატრიდან გრძელდება თანამედროვე დრამატული თეატრის ისტორტიაზე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ მეორენაირად ტექსტზე დაფუძნებული, დრამატურგის თეატრის ისტორია, და რომლის საპირწონეც არის პოსტ დრამატული თეატრი. ისტორიულად არსებული პოეტი/დრამატურგი (ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული) სადაც საუბარია სინკრეტულ პროფესიაზე: პოეტი-მსახიობი-რეჟისორი-კომპოზიტორი, რომლის შედეგიც თეატრალური წარმოდგენის შექმნაა, ანუ ნაწარმოების/სანახაობის სადაც დრამატურგია/დრამატურგი ნაწილია კომპლექსური საქმიანობის და არა დამოუკიდებელი „ერთეული“.

 

დრამატურგიის სწავლების შესახებ, მე საკუთარი გამოცდილება და ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული დრამის თეორიის სწავლებისა, რომელიც თავისი დასახელების მიხედვით და სტრუქტურით საბჭოთა პერიოდში გაფურჩქნული ფენომენია. ხშირ შემთხვევაში ფენომენი, ხელოვნურად შექმნილი, რადგან დრამის თეორია არაა ლიტერატურის თეორია, იგი ცოცხალი თეატრის ნაწილია და უშუალოდ თეატრის შესწავლის გარეშე არ არსებობს.

 

ასევე არა მგონია რომ დრამატურგებმა უნდა ასწავლონ დრამის თეორია (თუ ისინი თეატრის ისტორიის და თეორიის მკვლევარები არ არიან), მათ შეიძლება დრამის წერის ტექნიკა ასწავლონ - დრამის თეორია კი თეატრის ისტორიის მკვლევართა საქმეა, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში თეატრის ისტორია არა მხოლოდ დრამატურგებმა, როგორც წესი სამწუხაროდ, არც ფილოლოგებმა და ფილოსოფესებმა არ იციან, თუმცა ამბიცია  და ალბათ კეთილი სურვილი კი ამოძრავებთ.

მაგრამ თეატრის ისტორიის შესწავლას ერთი ორი წიგნის წაკითხვა, ან სტატიის თარგმანი არ ყოფნის. ავიწყდებათ, რომ თეატრის ისტორია ათასწლეულებს ითვლის და კონტინენტებს მოიცავს (უზარმახარი მოცულობის ისტორიული და შემოქმედებითი წყაროები, რესურსები, პერსონალიები და გამოცდილება, თეორიები და პრაქტიკა), ის არ არის მხოლოდ დასავლური ან აღმოსავლური იდენტობის გამოხატვის (თვითგამოხატვის და კულტურულ, ხანდახან კი ეზოტერული გამოხატვის) არამედ უნივერსალური, პლანეტარული ფორმაა, რომელიც თავის სათავეს იღებს საკრალურ რიტუალებში (მისტერიებში) და რელიგიის და ეზოტერიზმის წიაღში წარმოქმნილი კოლექტიური მეხსიერების შექმნის პრაქტიკაა.

თეატრის კვლევას არ ყოფნის, აგიტაციური შეფასება-ლოზუნგები, „საკრიტიკოსო“ კეკლუცობანი, ჩემთვის თეატრი სახელოვნებო მეცნიერებათა ნაწილია, რომელიც ბუნებით ინტერდისციპლინურია და ხელოვნების ის ფორმაა რომლის ინსტრუმენტიც უმრავლეს შემთხვევაში ცოცხალი ადამიანია. სათეტრო ხელოვნება რეალურსა და ზერეალურს შორისაცაა... ხელოვნების ფორმა, რაც არქიტექტურის სივრცის მეცნიერების, სივრცეში გამოხატვის შემოქმედება (არსებული დროში და სივრცეში).

საკმაოდ ხშირად მაღელვებდა დრამატურგიის შესწავლის და სწავლების საკითხები. ინეტერესი 1990/1991 წლებში უკვე არსებობდა, როდესავ თეატრალურში დრამატურგების პირველ მიღებაზე დრამის თეორია მიმყავდა, ისევე როგორც ამ კურსის წაკითხვა მიწევდა უნივერსიტეტში გარკვეული დროის განმავლობაში(თითქმის ათი წლის განმავლობაში). თუ მეხსიერება არ მღალატობს დრამატურგიის სწავლების პრაქტიკა ანგლო-საქსონურ კულტურაში მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გვაქვს (ამერიკაში და ბრიტანეთში, სპეციალური კურსების სახით). უფრო მგვიანებით ბრიტანეთში დრამატურგიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობოდა ჯერ კიდევ სკოლებში (კოლეჯებში) სამოყვარულო პიესების შექმნით, თავადვე შესასრულებლად, შემდეგ კი თეატრებთან არსებული სპეციალური პროგრამები (მათ შორის რეზიდენციები) რათა დრამატურგებმა პრაქტიკულ თეატრებთან თანამშრომლობით განევითარებინათ პროფესია.

ბრიტანეთზე ხშირად მიხუმრია, რომ როგორც კონტინენტურ ევროპაში ძნელი მოსაძებნი იყო ყმაწვილის პოვნა რომ პიესა არ დაეწერა, ბრიტანეთში ძნელი მოსაძებნი იყო ყმაწვილის მოძებნა პიესის წერა რომ არ ესინჯა (იგულისხმება ის სოციალური ფენა, ვინც ზოგად განათლებას ღებულობდა).

ტრადიციულად ითვლება, რომ დრამატურგიას დრამატურგები უნდა ასწავლიდნენ, ამ ბოლო დროს დრამის თეორიაც დრამატურგებს „შეტენეს“, თუმცა, როგორც წესი „დრამატურგების“ დღევანდელ თაობებს თეატრის კვლევა-შესწავლის ცუდი, სუსტი ან არანაირი გამოცდილება არა აქვთ (და ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მათ დრამატურგია ტრადიციული გაგებით „ლიტერატურა“ ჰგონიათ, დრამატურგობა კი მწერლობა). ცუდი შედარება რომ მოვიყვანოთ კარგი ზეინკალი ან „მექანიკოსი“ მანქანათმშენებლობის თეორეტიკოსი არ არის ხოლმე. შედარებების მოყვანის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ არ ღირს.

თანამედროვე ლიბერალურ სამყაროში, ვერც ვერავის ვერ დაუშლი რა უნდა აკეთოს, მაგრამ ძლიერი დილეტანტიზმის გავრცელების ეპოქაში, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის არასწორი გავრცელება გადაცემის საშიშროება დიდია. მითუემეტეს, როდესაც დღეს არც ეროვნული თეატრია სახარბიელო მდგომარეობაში როგორც პრაქტიკის ასევე თეორიის თვალსაზრისით.

დრამატურგმა იოლად შეიძლება ასწავლოს ოსტატობა, აკეთებინოს მთელი რიგი კრეატიული სავარჯიშოები, მაგრამ დრამის თეორია კი თეატრის ისტორიის (რაც სახელოვნებო მეცნიერებათა ნაწილია) განუყოფელი ნაწილია.

აქ ისეთივე პრობლემაა, როდესაც მაყურებელს, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ილუზია ექმნება რომ ექსპერტია - თეატრზე, კინოზე და საერთოდ ხელოვნებაზე მსჯელობისას და იგი ხდება „ფსევდო ექსპერტი“ - მედიისა და სოციალური ქსელების ხელშეწყობით. ისტორია რასაკვირველია ამას იდეალურად აწესრიგებს და მსგავსი ექპსერტობა ძალიან სწრაფად ქრება საპნის ბუშტებივით. ხელოვნების ბუნება მაყურებელთან „დიალოგია“ მასზე „გავლენის“ მოხდენა, ემპათია, შეიძლება კათარზისიც კი, მაგრამ ამ ძლიერი ხელოვნების/თეატრის საშუალებით მიღებული „ორგაზმისა“ მისი კვლევის საშუალებას (უფლებას ვერ ვიტყვი) არ იძლევა. დღეს „ფილოსოფოსმცოდნეები“, „ლიტ. მცოდნები“ და ა.შ. კეკლუცობენ გვარებით, სახელებით, ნახვების თუ კულტურულ-სახელოვნებო ადგილებში სიარულის რიცხვით, მაგრამ სამწუხაროდ „ობიექტური[1]“ ცოდნა მათ მიღმა დაკარგულია. ყველაფერი ან სადღეგრძელოებს, ან მოგონილ ზღაპრებს (ჭორაობას ვერ ვაკადრებ) არ ცილდება.

სამწუხაროდ დამკვიდრდა ფრიად უცნაური ტრადიცია, როდესაც ჰუმანიტარული პროფესიებს ძირითადად ჩაუღრმავებლად, ანდა ზედაპირული ცოდნის ამარა ღებულობენ. თავად განათლების სისტემა და შემდგომი კარიერული განვითრებაც უდიდესი უმრავლესობის შემთხვევაში, ფსევდო მეცნიერებით და რეფერირებით შემოიფარგლება.

დღეს კიდევ ერთ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, ადამიანების უმრავლესობას წაშლილი აქვს ზღვარი  მაყურებელი/მომხმარებლის და ხელოვნების მკვლევარებს შორის. იმის გამო რომ ხელოვნება „ხალხს ეკუთვნის“ / ჩვენი საზოგადოება ვერ გამოვიდა ამ საბჭოთა პარადიგმიდან/ მასობრივი გაგებით ყველას უნდა შეეძლოს ამაზე მსჯელობა, მაშინ, როდესაც ფიზიკაზე, ქიმიაზე  (თუმცა ვირუსის დროს რომ ყველა ექიმი გახდა და ჟურნალისტები კი ექსპერტები  - ცხადია, სამწუხარო რეალობაა), თავს იკავებს. მაშ რატომ ხდება ხელოვნებაზე მსჯელობისას ყველა „ექსპერტი“, ხელოვნების ექსპერტებიდან კი „ცხოვრების ექსპერტობამდე“ /საერთოდ მგონია რომ მხოლოდ საქართველოა, სადაც თითქმის ყველა არ თაკილობს რომ ყველაფრის ექსპერტი იყოს, ყველაფერზე იმსჯელოს მიუხედავად დაბალი კომპეტენციებისა/.

ყველაფერზე მსჯელობის უფლება ჩვენი უფლებაა, როგორც თვითგამოხატვის თავისუფლება / უფლება (მჯერა რომ უნდა არსებობედეს პარალელურად ობიექტური თვითშეფასებაც). მაგრამ როცა ეს უფლება სხვა ადამიანებზე აზრის იძულებული თავზე მოხვევაა, ის ძალადობის სახესაც იძენს. ყველაფერზე მომსჯელე საზოგადოება შეიძლება დილეტანტიზმის მორევში გადავარდეს თავისი სახალხო ინტელექტუალ-გმირების შექმნით და საყოველთაო გახალხურებით[2].

მაშ ასე, დრამატურგია თეატრის, როგორც უძველესი სახელოვნებო ფორმის ინსტრუმენტია და მე ღრმად მჯერა, რომ იგი არ არის ტრადიციული ლიტერატურის ნაწილი. პიესა/დრამა/ტრაგედია თუ  კომედია იწერება თეატრისთვის[3] - თეატრში როგორც სივრცეში და კონკრეტულ დროში შესასრულებლად[4]. იგი არ იქმნება საკითხავად! იგი იქმნება იმისთვის რომ გაცოცხლდეს ცოცხალი ადამიანების, თოჯინების (როგორც ადამიანის იმიტაცია), ნივთების და ა.შ. მიერ, ამიტომაც მოხდა სათეატრო ხელოვნების სახელის დაკონკრეტება და მას - საშემსრულებლო ხელოვნებას ვუწოდებთ დღეს.

დრამატურგია თავისი არსებობის პირველივე დღიდან ქმნის და ეყრდნობა საკმაოდ ზუსტ წესებს, კანონებს, რომელსაც იგი ეყრდნობა. ეს კანონები დროის განმავლობაში პირდაპირ კავშირში იყო „თეოლოგიურ“ და სივრცით (კონკრეტული, ადგილის სადაც უნდა გათამაშებულიყო) შესაძლებლობებთან, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ , რომ ე.წ. პროფესიული თეატრის შექმნის ისტორიიდან (თუკი ანტიკურ საბერძნეთს ავიღებთ ათვლის ერთერთ წერტილად) პირველი დრამატურგები თავად იყვნენ მსახიობები, რეჟისორებიც და კომპოზიტორებიც. შესაბამისად გამოსაყენებელი ყველა კანონი/წესის გამოყენების დროს თავიანთი შესაძლებლობები არსებობდა შემოქმედების ცენტრში.

 

ჩანართის სახით ვიტყვი - თეატრის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში ათენიდან მოყოლებული დრამატურგები ქმნიდნენ ვერ ვიტყვი კანონებს ან ალგორითმებს პირდაპირი გაგებით, მაგრამ ეს კანონები მკაცრად იყო დაცული და ამავე დროს იქმნებოდა ე.წ. პოეტიკები ან ტრაქტატები, რაც თავისებურ მეგზურებს წარმოადგენდა დრამატურგებისთვის კანონების გამოსაყენებლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დრამატურგიულ კანონებზე სერიოზული გავლენა ჰქონდა სათეატრო არქიტექტურას ან იმ სივრცეს, სადაც, როგორც წესი ხორციელდებოდა პიესები და ა.შ. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ეპოქების მიხედვით კანონების/წესების გენერირებაზე და იმ ფაქტორებზე, რაც მათ განსაზღვრავდა.

 

დრამატურგიის სწავლების და კვლევის დროს ყველაზე ხშირი შეცდომა ეს არის ავტორის ან ნაწარმოების გარკვეულ მიმართულებას მიკუთვნება, მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ხოლმე უმრავლეს შემთხვევაში სხვადასხვა წესების/ხერხების გამოყენებასთან. ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირი შეცდომა მაგალითად ავტორების და პიესების აბსურდის თეატრთან მიკუთვნებაა ხოლმე, ან ყველაფრის გაერთიანება მოდურ პოსტმოდრნიზმთან (მაშინ როდესაც თეატრში გვაქვს არა პოსტ მოდერნიზმი არამედ პოსტ დრამატული თეატრი და ა.შ., ანუ ისევ თეატრი განისაზღვრება არა მხოლოდ ტექსტით არამედ ფორმით, ის რჩება არა საკითხავ/სასმენ არამედ საყურებელ ხელოვნებად).

უძველესი წესების მიხედვით, ანტიკური თეატრალური ფესტივალები, რაც ისედაც წელიწადში მხოლოდ რამოდენიმეჯერ ტარდებოდა, კრძალავდა ადრე დაწერილი ტექსტების (ტრაგედიების და კონედიების) განმეორებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ წესის/ტრადიციის გაქრობა საკრალური თეატრის - სამოქალაქო მისტერიებზე სრულ გადასვლამაც შეუწყო ხელი და ე.წ. დესაკრალიზაციის, თანამედროვე გაგებით ახლოს იყო ე.წ. სეკულარიზაციის პროცესთან.

საკრალურმა თეატრმა ეგვიპტიდან და აზიიდან მოყოლებული, როგორც ჩანს საბერძნეთის ჩათვლით ათასწლეულებს გაუძლო და დღეს ხელთ არსებული ცოდნით შეიძლება ითქვას, რომ საერთო 5000 წლიანი ისტორიიდან (ათვლა ინდის /ინდოეთი/ ცივილიზაციიდან და ეგვიპტიდან იწყება) საკრალური და პროფესიული თეატრის ისტორიებს და შეიძლება ითქვას ფორმებს შორისაც ბალანსი სანახევროა.

თუმცა ისევ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზიური რეგიონი იდეალურად ინარჩუნებს საკრალურ მისტერიებს/თეატრს, რასაც ჩვენ ხშირად ტრადიციულ თეატრს ვუწოდებთ.

 

დრამატურგიის შესწავლის დროს აუცილებელია მისი მკაცრად მეცნიერული (რასაკვირველია ვსაუბრობთ გამოყენებითი მეცნიერების მეთოდოლოგიებზე) შესწავლა. იმედი მაქვს, როდესაც პროგრამისტები მოიცლიან და თეატრის მკვლევარებთან ერთად სათანადო ალგორითმის (სიმულაციებისთვის) შექმნაზე იმუშავებენ (ბევრი საინტერესო აპლიკაციებია სხვადასხვა უნივერსიტეტებში). დრამატურგიის მიღმა პარადიგმები/მატრიცები უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აქ არ არის საკმარისი ჰუმანიტარულ-ბანალური საუბრები, „ჭორები“, ღლიცინი და ა.შ.

საქმე გვაქვს სამგანზომილებიან ვექტორულ სისტემაში არსებულ ხელოვების ფორმა -თეატრზე, რომლისთვისაც იქმნება დრამატურგია ე.წ. ლიტერატურული ტექსტი თეატრისთვის.

თეატრი და მისი ინსტრუმენტი დრამატურგია, სამყაროს და მისი კანონზომიერების შესწავლის, ამოხსნის, შენახვის და გადაცემის უძველესი ფორმაა; ის არ წარმოადგენს „ბელეტრისტიკას“ ერთი-ერთზე (მკითხველთან) დარჩენილი ლიტერატურის ფორმას.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ პროცესს, თუ როგორ ცდილობს საზოგადოება თეატრის დესაკრალიზაციის და ამ ეგზოთერულ პროცესში, როგორიცაა მცდელობა დრამატურგიიდან „ლიტერატურის“ შექმნისა /სხვათაშორის ესეც დრამატული თეატრის ეპოქისთვის დამახასიათებელი ნიშანია, როდესაც დრამატურგები პიესების საწერად თეატრის მაგივრად ოთახებში მაგიდებს მიუსხდნენ და ერთ გვერდიანი რემარკების წერით ირთობდნენ თავს, აღწერდნენ ხშირად „უნიჭო“, მოუქნელ მიზანსცენებს და მსახიობებს უთითებდნენ როგორ და რანაირად ეთამაშათ, ის რაც თავად არ იცოდნენ კარგად და ა.შ. /მრავალი რემარკა უსუსურია თეატრის კეთებასთან მიმართებით, ან ჩნდება უკვე ისეთი პიესები, სადაც აღარ ითვალისწინებენ სათეატრო სცენის პარამეტრებს, მსახიობთა შესაძლებლობებს და ა.შ. ავტორები ვეღარ ხედავენ ტექსტს სივრცეში, ის ერთგანზომილებიანი ხდება, ქაღალდის სიბრტყეში და წარმოსახვით ეკრანზე არსებული/ და ცრუ წარმოდგენების დამკვიდრება. განსაკუთრებით ეს ძლიერდება ე.წ. ფრანგული დრამატული თეატრიდან; და სხვათაშორის ტრაგედიის გაქრობასთან ერთად / გამონაკლისი ყოველთვის არსებობდა, ისევე როგორც მუდმივი მცდელობა აუთენტური დრამატურგიის (ტრაგედიებზე ორიენტირებული)[5] აღდგენისა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, მაგლითად ჰებელი, გიოდერლინი, სტრინდბერგი და მრავალი სხვა/.

რა არის ტრაგედია?

მერწმუნეთ, რომ ამის შესახებ იმდენი წიგნი, სტატია და კვლევაა შექმნილი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. მთავარი საკითხი არისტოტელეს „პოეტიკის“ კომენტირება, გადაწერა-გადმოწერა ან რეფერირებაა. გაუთავებელი მსჯელობა კათარზისზე, ტრაგედიის წყაროებზე და ა.შ.

 

შეგვიძლია ჩვენც გავიმეოროთ მთავარი დებულებები, მაგრამ შევჩერდეთ ერთზე.

ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს არისტოტელესეული (როგორც მეცნიერის და თეატრის ერთერთი უძველესი მკვლევარის) მოსაზრება წყაროებზე:

1.ელევსინების მისტერიები

2.დატირების რიტუალები

3.ორფიზმი და ა.შ. შეიძლება გაგრძელდეს ეს ჩამონათვალი და ვარაუდები...

მეორეს მხრივ კი ეტიმოლოგიური განმარტება - ტრაგედია, როგორც ტრაგოს - თხა და ოდა - სიმღერა. და მეტნაკლებად დეტალური აღწერით ვიცით დიონისეს მსვლელობისას. პროცესია რომლის დროსაც თხები-ვაკხები ასრულებდნენ დითირამბებს (სალოცავ სიმღერებს)[6] ვფიქრობ, აქ უნდა შევჩერდეთ და ავღნიშნოთ, რომ ჩვენთვის პროცესის თავში მყოფი თხა/ვაცი/ვერძია მნიშვნელოვანი და მისი სიმღერა, როგორც პროტოგონისტის. რადგანაც მისი სიმღერა იმ თხის/ვაცის სიმღერაა, რომელსაც მსხვერპლად შესწირავენ და იცის რომ მას დაკლავენ. ტრაგედია არის მსხვერპლად შესაწირი თხის სიმრერა-ლოცვა (და არა უბრალოდ თხის სიმღერა - ეს თხა საკრალური ცხოველი ტოტემია ამ მომენტში), რომელმაც იცის, რომ შესწირავენ, დაკლავენ, ანუ მოხდება საკრალური მკვლელობა. შესაბამისად ტრაგედია საკრალური მკვლელობის, გმირის „თვითმკვლელობის“, თავგანწირვის გარეშე ვერ იარსებებს.

არისტოტელე - თეატრის/ტრაგედიის ამოცანად მიმეზისს - მიბაძვას ასახელებს, რამაც უნდა გამოიწვიოს კათარზისი. ჩემის აზრით კათარზისის ჩანაცვლება ისტორიულ პროცესში ემპათიით ერთერთი მიზეზია ტრაგედიის გაქრობისთვისაც.

დრამატურგიის ისტორიაზე საუბარს მომავალშიც შემოგთავაზებთ, ამჯერად მინდა ციკლი შემოგთავაზოთ ასევე, თუ რას ფიქრობენ დრამატურგიაზე თავად ავტორები (დრამატურგიაზე თეატრში და კინოში).

 

თანამედროვე თეატრში ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მაკდონას დრამატურგიას, არც ქართულმა თეატრმა აუარა მას გვერდი. ვფიქრობ რომ მისი მოსაზრებები ტექსტის წერის შესახებ კინოსთვის შეიძლება საინტერესო იყოს ახალგაზრდა ავტორებისთვის. პირადად მის ზოგიერთ მოსაზრებებს ბოლომდე არ ვიზიარებ. მიუხედავად ამისა მაკდონა იმ დრამატურგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დრამატურგიის მიხედვითავ ფესტივალები იმართება სხვადასხვა ქვეყნებში. ის წერს ძალიან საინტერესოდ თეატრისთვის და კინოსთვის, თავად იღებს და დგამს, მისი შემოქმედება ჯილდოვდება და არიას მსოფლიოში აღიარებული, პიესები კი ათობით დადგმებს უძლემს მსოფლიუოს მრავალ ქვეყანაში. ის ავტორია, რომელსაც აქვს ფასეულობათა განსაკუთრებული სისტემა, სოციალური პასუხისმგებლობა და იუმორის გრძნობა, ირონია სახელმწიფო ძალადობის პირამიდაზე.

 




[1] ობიექტური - დავესესხე გიორგი გურჯიევის ტერმინს - ობიექტურო ხელოვნება, ობიექტურს და ჭეშმარიტს ხელოვნებასთან მიმართებაში ადოლფ აპიაც სისტემატიურად იყენებდა

[2] გახალხურება - ძალიან მიყვარდა ეს „ტერმინი“ რასაც კარლო კაჭარავა იყენებდა ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოდან.

[3] ამჯერად არ ვსაუბრობთ თეატრის ეზოთერულ ფესვებზე და მის საკრალურ წარმომავლობაზე და განვიხილავთ პროფესიული თეატრის ტექნიკურ დეტალებს.

[4] ამ კონცეფციას მეოცე საუკუნის დასაწყისში ანვითარებს ადოლფ აპიაც, თავის ნაწარმოებებში: Adolphe  Appia,  Music and Stage Directing, 1895-97, How to Reform Our Stage, 1904

[5] საუკეთესო მაგალითია ასეთი თეატრის/მუსიკალური თეატრის ტრაგიკული აუთერნტურობის აღდგენისა ვაგნერის შემოქმედებაში, როგორც ლიბრეტოში ასევე მუსიკაში. ამის შესახებ წერდა როგორც ადოლფ აპია, ასევე რუდოლფ შტაინერიც, რომლის მისტერიაბიც სამწუხაროდ დრამატურგიულად (სათეატრო კანონების მიხედვით) სუსტ მცდელობად შეგვიძლია განვიხილოთ

[6] აქ ჩემი თხრობა შერჩევითია და არა დეტალური

[7] იდიოსინქრაზია  სამედიცინო და ფსიქოლოგიური ტერმინი, წარმოიქმნა ძველბერძნულიდან διοσυγκρασία, რაც ითარგმნება, როგორც „ვინმეს განსაკუთრებული ტემპერამენტი“.

Thursday, May 20, 2021

მანიფესტი - ზედროულ თეატრზე

 

ლევან ხეთაგური

მანიფესტი - ზედროულ თეატრზე

ხედვით კითხვა - სმენით კითხვა

კითხვის უძველესი ფორმა ხედვა და სმენაა, ასევე შეგრძნებაა... ეს არის ჩვენი აღქმის მეხსიერების საფუძველი - ამიტომაც შეიქმნა თეატრი დაფარული რიტუალიდან ყველასთვის საყურებლად და სასმენლად.

თეატრზე მსჯელობისას მისი ზედროული - მისი ისტორიის ერთიანი ხედვის გარეშე ძალიან რთულია, ყოველი ათასწლეული და ასწლეული, მისი ყოველი დეკადა და წამი, ერთმანეთთან ცნობიერად და ქვეცნობიერადაა დაკავშირებული. მისი შინაგანი ლიგიკა, ეზოთერიზმი და ალქიმია ცდება დროს და ზე-გეოგრაფიულია; კონტინენტები და ცივილაზიები, ერების მიხედვით ქმნიან ერთიან, საერთო ლოგიკისა და შინაგანი წესების მქონე უნიკალურ, მრავალფეროვან და ამავე დროს ერთი ლოგიკის მქონე სათეატრო კულტურას, ხელოვნებას, რომელიც ზე-ეთნიკურია, მის ცენტრში ყოველთვის ადამიანია, და ის საცქერი და სასმენია.

სადაც არ უნდა ვუყურუ თეატრს ევროპაში თუ აზიაში, აფრიკაში თუ ამერიკაში, ყოველი მსახიობის მიღმა შორეული ისტორილი წინაპარია - შამანისა და ქურუმის სახით, ყოველი მსახიობის მიღმაა მისი სართო წინაპარი ჯამბაზი და ტრაგიკოსი; მისი სახის მიღმა სფინქსის საუკუნოვანი მზერასავითაა ზღვარი საიქიოსა და სააქაოს შორის, ისევე როგორც მარადიულობა. მისი სახის მიღმაა გაერთიანებული ყველა ნიღაბი: თეთრი და ფერადი, თიხის და ხის.

მისი მეტყველების მიღმაა მსოფლიო ენები, რა ენაზეც არ უნდა საუბრობდეს მსახიობი ის ყველასთვის გასაგებია, რადგანაც უნივერსალურია. მსახიობის ენა თითქოსდა ბაბილონის ენაა, რომელზეც საუბრობდა მთელი მსოფლიო ღმერთის მიერ დასჯამდე, ზე-ენა, წინარე ენა, მეტა-ენა.

მისი სხეული სამყაროს რიტმი და გეომეტრიაა, ის მოძრაობს ნელა, როგორც დრო და სწრაფად როგორც ერთი ადამიანის სიცოცხლე.

მის მიერ შექმნილი სათეატრო ამბავი/წარმოდგენა შეიძლება კვდებოდეს ყოველ საღამოს მაგრამ მკვდრეთით აღდგებოდეს მეორე დღეს. ისევე როგორც ძილ ღვიძილი.

მსახიობი თავისი არსით მედიუმია, ის უთმობს ნებაყოფლობით თავის სხეულს ასობით სულებს, თავისი ამბების, გამოცდილების გადმოსაცემად, რათა იქცეს მითად ან მოდელად, პარადიგმად ან მატრიცად. ეს მედიუმი ცდილობს დაგვანახოს ამ ამბების მიღმა კოსმიური კანონზომიერებანი, გზა აბსოლუტისკენ.

მსახიობი-მედიუმის ამბები წარსულით წინასწარმეყველებაა მომავლის.

მსახიობი-მედიუმი გვასწავლის სიკეთის და სიბოროტის გარჩევას, თითქოსდა სამოთხის ვაშლის გასინჯვას გვთავაზობდეს ყოველ საღამოს სცენიდან.

თეატრის წმინდა სცენა საკრალური ადგილია, რომელსაც იცავს ოთხი სტიქია, ადგილია სადაც წარსული და მომავალი თანაარსებობენ, სადაც ზღვარია საიქიოსა და სააქაოს შორის.

სცენა ჩვენი სიკეთის და სიბოროტის ზედროული სარკეა.

ჭეშმარიტი თეატრი, საკრალური ისტორის და ტრადიციის მსგავსად ზედროულია, მას არა აქვს ეთნიკურობა, ადგილმდებარეობა, ის არ ეკუთვნის ვინმე ერთს, ის კოსმოსის და ყველა ადამიანის საკუთრებაა, ვინც ხედავს და ვერ ხედავს, ვისაც ესმის და არ ესმის, ვინც მეტყველებს და ვინც დუმს.

თეატრის საკრალური ტრადიციის ბურჯია, რომლის გარეშეც როგორც ჩანს კაცობრიობა არასდროს არ არსებობდა ის ყოველთვის იყო მასთან ერთად, მაშინაც კი თუკი კატასტროფა შეაჩერებდა ელექტროენერგიას, შეწყვეტდა საღებავების წარმოებას, გააჩერებდა ყველაფერს, მოთამაშე ადამიანი მაინც იქნებოდა.

ეს სამყარო მოთამაშე ადამიანის სამყაროა, სადაც ეს ადამიანი თავად ღმერთმა შექმნა თავის სათამაშოდ და ამბები/მითების/ისტორიების გასათამაშებლად...

 

26.10.2020

Saturday, March 20, 2021

ევროპის ფესტივალები კოვიდ პანდემიის დროს

 

ევროპის ფესტივალები კოვიდ პანდემიის დროს

 

ევროპის ფესტივალების ასოციაციის ანგარიშის მიხედვით

2021 წლის მარტის მონაცემებით

 

 

ეს წერილი პრაქტიკულად გაგრძელებაა იმ წერილისა სადაც პანდემიის დროს ევროპულ თეატრებზე ვსაუბრობდით. ვფიქრობ ჩვენი კულტურის საჭეთ მპყრობელნი“ /სტეიკჰოლდერები/ თითქმის არაფრის კეთების ფონზე ამჯერად საინტერესოა ვნახოთ რა მდგომარეობაა საფესტივალო სექტორში და რა გადაწყვეტილებებს იღებდა და იღებს მთავრობები ევროპაში.

არსებული გამოცდილება გვაჩვენებს რომ ექსპერტთა (ოღონდ ნამდვილ ექსპერტთა - რა საოცრებაა რომ საქართველოში ესეც ხაზგასასმელია რომ ამ შემთხვევაში ექსპერტები ნამდვილია საჭირო „ფეიქი“არ იმუშავებს, პროფესიონალიზმი საქმის რეალურ ცოდნაშია და არა საზაფხულო ბანაკებში მიღებულ სერთიფიკატებში, ან თვით აღიარებებში - „მე ვარ ექსპერტი, მე ვარ მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი“ და ა.შ.; კვლევას მეთოდები აქვს და არა ამბების თხრობა და ა.შ.) საბჭოებია საჭირო რაც სახელმწიფოს დაეხმარება საერთაშორისო გამოცდილებათა გათვალისწინებით და ადგილობრივ რეალობაზე დაყრდნობით შეიმუშავონ ქმედით რეკომენდაციების ჩვენი კულტურის დასახმარებლად. კარგია რომ ხდება ახალგაზრდების მობილიზება, გაპროტესტება, სამოქალაქო აქტივობის ჩვენება, ცუდია როცა ბიუჯეტზე მყოფი ხელოვანები დუმილით და სოლიდარობის არ ქონას ავლენენ. ხელოვანები და კულტურის წარმომადგენლები დალაგებულ, დავარცხნილ ევროპაშიც კი აპროტესტებენ, იქ სადაც კულტურის პოლიტიკა უუნარო აღმოჩნდა და აჩვენა კრიზისი. და თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება ჩვენთან, სადაც არანაირიქმედითი პრაქტიკაზე ორიენტირებული სტრატეგია არ არსებობს არც მშვიდობიანი და არც კრიზისების დროს. აწ უკვე კულტურის სამინისტროს ევალება მკაფიო გამართული პოლიტიკის შემუშავება. და ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკის და პრიორიტეტების დალაგება.

წარმოდგენილ წერილში შემოქმედებითი ევროპის 15 ქვეყნის მდგომარეობაა მოცემული.

 

შვედეთის ფესტივალები

 

კორონას ვითარება: შვედეთში  მოდის კორონას მესამე ტალღა. უამრავი შემთხვევები გვაქვს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

არსებული ვითარება: შვედეთის ფესტივალების ასოციაცია საწევრო გადასახადებით არსებობს დაახლოებით 45-50 წევრი ფესტივალისგან; ამ დროისთვის მხოლოდ 5 ფესტივალი მიმდინარეობს. შვედეთში იმედი აქვთ, რომ ზოგიერთ ფესტივალს ზაფხულის განმავლობაში შეეძლება ფუნქციონირება.

როგორია ფესტივალების მომავალი: საკონცერტო სახლი სტოკჰოლმში გთავაზობთ უფასო კონცერტებს ყოველკვირეულად პირდაპირი ვიდეო სტრიმინგის საშუალებით და მათ კონცერტებს 10 000-ზე მეტი  ნახვა აქვთ. საშობაო კონცერტისთვის მათ 90 000 მაყურებელი ჰყავდათ ინტერნეტში.

ორკესტრისთვის რთულია შესრულება  ცოცხალ საზოგადოებასთან ინტერაქციის, ცოცხალი ურთიერთობის გარეშე.

ყველა პირდაპირი ვიდეო ჩვენებები (სტრიმინგი) უფასოა. პირდაპირი სტრიმინგის შემდეგ ისინი ტვირთავენ ვიდეოს სპეციალური ჩვენებების პლატფორმაზე; ისინი მთავრობისგან იღებენ გადამხდელთა ფულს ამის მხარდასაჭერად.

ზოგი ფესტივალი ქმნის ახალ პროდუქციას ვირტუალური ჩვენებების/სტრიმინგის ფუნქციით.

ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის ბოლოს რამდენიმე ფესტივალი იფუნქციონირებს, მაგრამ ამის დაგეგმვა ძალიან რთულია.

 

ფინეთის ფესტივალები

არსებული ვითარება: ფინეთის ფესტივალებს, როგორც ორგანიზაციას, ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ აქვს. მათ არ დაუკარგავთ არცერთი წევრი და მათ კიდევაც ყავთ 3 ან 4 ახალი წევრიც, რომლებიც შემოუერთდნენ ფესტივალების ასოციაციას. ფინეთის ფესტივალმა დაარწმუნა მთავრობა, რომ გაეთვალისწინებინათ 10 მილიონიანი ბიუჯეტი ამ პერიოდის ფესტივალების მხარდასაჭერად.


რადგან ფესტივალების არ დაეხარჯათ თანხები მგზავრობებზე, მნიშვნელოვანი დანაზოგი გაკეთდა მათ ბიუჯეტებში. მათ არ დაკარგეს სუბსიდიები, რადგან მთავრობა განაგრძობდა დანიშნული სუბსიდიების გადახდას გაუქმების შემთხვევაშიც კი. შედეგად, მათი ფინანსური მდგომარეობა ძალიან სტაბილურია. პარალელურად, შარშან სახელმწიფო ლატარიის[1] სისტემა ჩამოიშალა და წელს მრავალმა ფესტივალმა დაკარგა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 30%). ეს ფინეთის ფესტივალების მთავარი პრობლემა იქნება.

 

როგორია ფესტივალების მომავალი

შესაძლებელია რომ ამ ზაფხულს ცოცხალი ფესტივალები უკვე ჩატარდეს, მაყურებლის 50% -იანი დასწრების უფლებით.

ისინი ასევე მუშაობენ ფესტივალების ჩატარების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ "მწვანე წიგნზე". ის მზად იქნება უახლოეს კვირებში. ეს სახელმძღვანელო პრინციპები იქნება ყველა  ფესტივალისთვის ფინეთში.

მთავრობას არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია თუ, როდის შეიმუშავებენ სათანადო წესებს. მაგრამ ისინი ამუშავებენ სპეციალურ საგარანტიო მოდელს, რომლითაც გადაიხდიან გარკვეულ კომპენსაციებს, მაშინ როდესაც მთავრობა გადაწყვეტს შეცვალოს წესები  და მიიღოს გადაწყვეტილება ფესტივალის გაუქმების შესახებ.

 

ფლანდრიის მუსიკალური ფესტივალების ფედერაცია (ბელგია)

 

არსებული ვითარება: კოვიდის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ფედერაციაში უფრო მეტი ფესტივალი გაწევრიანდა. მათ სჭირდებათ ქსელის მხარდაჭერა და თვლიან, რომ პროფესიული ქსელები მათ დაეხმარება შემოსავლის მოძიებაში.

ფესტივალებმა შარშან დაკარგეს ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის 100% და, ალბათ, იგივე მოხდება წელსაც. ფედერაციის ფესტივალების უმეტესობა კომერციული ხასიათისაა და მუშაობს გადამხდელთა/საბიუჯეტო ფულის გარეშე.. მათი რეალური ფინანსური მდგომარეობა ძალიან ცუდია.  სუბსიდირებულმა ფესტივალებმა შექმნეს ფინანსური ბუფერი, რადგან მათ ნაკლები ხარჯები ჰქონდათ და მათ უკვე მიღებული სუბსიდიების შენარჩუნება შეეძლოთ.


ზოგი ფესტივალი ითხოვს უფასო კონტრიბუციას, საჩუქარს ვიდეო სტრიმინგით მიწოდებული კონცერტებისთვის და ამას გარკვეული შემოსავალი მოაქვს. მაგალითად, ფლანდრიის ფესტივალებმა მიიღეს 3000 ევრომდე შემოსავალი რამდენიმე კონცერტისთვის. კვლევების მიხედვით სტრიმინგის დროს ჩართვებისას მაყურებლის 1/3 ახალია, რაც ძალიან პოზიტიურია და ჩვეულებრივი მუშაობისას ახალი მაყურებლის ასეთი ზრდა ძალიან რთულია.


როგორია ფესტივალების მომავალი:  ისინი მუშაობენ უსაფრთხო ღონისძიებების ორგანიზების პროტოკოლზე, რომელიც დაიწყება 15 მარტს; ეს სტაბილურ საფუძველს მისცემს ფესტივალებს, რომ დაიწყოს მუშაობა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.

მთავრობამ შეიმუშავა წინასწარი გადახდის კონცეფცია, რათა ფესტივალმა შეძლოს ორგანიზება. ეს არის 2%-იანი სესხი.  ფესტივალის გაუქმების შემთხვევაში, მას არ უნდა დაუბრუნოთ ის თანხა, რაც თქვენ უკვე გახარჯეთ. მთავრობამ გამოანთავისუფლა 50 მილიონი ევრო ფესტივალებისთვის 1 ივნისიდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდისთვის. ეს მექანიზმი უკვე გამოიყენებულ იქნა გასულ ზამთარშიც.

 

ირლანდიული ფესტივალების და ღონისძიებათა ასოციაცია (AOIFE)

ეპიდემიური მდგომარეობა: მთავრობამ გადაწყვიტა დეკემბრის დასაწყისიდან ყველა ბიზნესი და გამასპინძლებასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობის განახლებას, თუმცა სინამდვილეში იძულებული გახდა 21 დეკემბრიდან კვლავ ჩაკეტილიყო, რაც დღემდე გრძელდება. ეს იწვევს პოლიტიკოსების მხრიდან შიშს რომ აღარ გარისკონ.

არსებული  ვითარება:  ფესტივალებს იმედი აქვს, რომ დაიწყებენ ძალიან მოკრძალებული ღონისძიებების ორგანიზებას ივლისის ბოლოდან, თუ კოვიდის მდგომარეობა გაუმჯობესდება. შესაძლოა 300 ადამიანი მაქსიმუმ გარე ღონისძიებებისთვის და 50 ადამიანის დახურულ სივრცეში. რაიმე სხვა პარამეტრები გათვალისწინებული არაა სანამ მოსახლეობის 80% არ იქნება აცრილი.

მთავრობა  ფიქრობს, რომ ოქტომბერ-ნოემბრისთვის მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვების შედეგად, თავისუფალი მობილობის დაბრუნებით ევროპაში საბოლოოდ მოხერხდება  გალვეის სამიტის ჩატარება.

ხელოვნების საბჭოებისა და ტურიზმის საბჭოების მიერ დაარსებული ფესტივალები მიიღებენ შემცირებულ გრანტებს. რადგანაც  აღარ არსებობს ტურიზმი, გრანტები შემცირდება თავდაპირველი თანხის 25% -მდე. მაყურებელი იქნება  ონლაინ რეჟიმში.  არანაირი საერთაშორისო ტურიზმი აღარ იქნება სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბრის თვეებამდე.

ხელოვნების საბჭოს ხარჯები 45% -ით გაიზარდა. სუბსიდიები ადაპტირებულია იმაზე, რომ აღარ იქნება „ცოცხალი“ აუდიტორია, არამედ მხოლოდ ონლაინ იქნება მაყურებელი. გრანტების 90% უნდა გადაეცეს ხელოვანებს.

ირლანდიის ფესტივალების ასოციაციის წევრი ფესტივალების 60%-მა  არ მიიღო  სუბსიდირება და თანაც  დაიღალა ონლაინ შეხვედრებით და, შესაბამისად, ნაკლებად ინტერესდება შემდგომი წევრობით.

როგორია ფესტივალების მომავალი : ფსონი დადებულია ფესტივალების ჰიბრიდულ მოდელებზე: პირდაპირი სტრიმინგი და შემცირებული აუდიტორია უკვე აღნიშნული შეზღუდვებისა და დადგენილი ნორმების გამო, ძალიან წევს დაბლა მოტივაციას. წლევანდელ წელზე დიდ იმედებს და დიდ მოლოდინებს არ ვამყარებთ.

 

სერბეთის ფესტივალების ასოციაცია

 

ეპიდემიური  მდგომარეობა: არ არის კარგი. შეიძლება კვლავ გამოცხადდეს სრული კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა.

არსებული ვითარება: ფესტივალის ასოციაცია გადარჩა მხოლოდ წევრების საწევრო გადასახადების ხარჯზე. ფესტივალებისთვის სუბსიდიები არ არის. სახელმწიფო სტრატეგიულად არ ფიქრობს გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე.

ამ წლისთვის სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის ნათელი. იანვარსა და თებერვალში რამდენიმე კონკურსი გამოცხადდა კულტურის სამინისტროში; ამ კონკურსების, ან ფინანსების გადანაწილების შედეგები გამოცხადდება აპრილში.

ზოგიერთმა ფესტივალმა შეიცვალა თარიღები იმის იმედით, რომ უფრო უკეთ გაეცნოს ვითარებას და ასევე დაელოდოს სახელმწიფო სუბსიდიებს.


როგორია ფესტივალების მომავალი:

ამ დროისთვის შეზღუდული შესაძლებლობებით მიმდინარეობს რამდენიმე კონცერტი. მათ ასევე შექმნეს ეროვნული სამუშაო ჯგუფი, ტურიზმისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად, ლობირების მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს ფესტივალების გადარჩენა.

 

იტალიის ფესტივალები

 

არსებული ვითარება:  იტალიის ფესტივალების ასოციაციას სჯერა ევროპულ ქსელში ჩართვის მნიშვნელობისა და ისინი მუდმივად უჭერენ მხარს თავიანთ ფესტივალებს.

    როგორია ფესტივალების მომავალი

27 მარტი არის თარიღი მწვანე შუქისთვის ფესტივალების მუშაობის დასაწყებად. რა თქმა უნდა, ბევრი რამე, ჯერ კიდევ გაურკვეველია.. რთული ვითარებაა. სიმძლავრე იქნება 25%; ძირითდი წესი მაყურებლისთვის იქნება 400  ადამიანი ღია ცის ქვეშ და 200 ადამიანი შენობაში.

 

ლიეტუვა

 

ქვეყანაში სრული კარანტინია (საგანგებო მდგომარეობა გამკაცრებული წესებით) მაღაზიები ღიაა მაგრამ ნებისმიერი კულტურული აქტივობა შეჩერებულია. კულტურის სექტორის წარმომადგენლები იბრძვიან და ლობირებენ  თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში და აქვთ იმედი რომ მიაღწევენ შედეგს.

 

კვიპროსი

 

კვიპროსის წარმომადგენელი აღნიშნავს რომ სერიოზული გაურკვევლობაა ქვეყანაში არსებული თეატრებისა და ფესტივალების მდგომარეობის შესახებ, თუმცა ცოტა ხნის წინ თეატრებს გახსნის უფლება მიეცათ. პოლიტიკოსები აწვდიდნენ არასაკმარის ინფორმაციას ან საერთოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას, რამაც უკიდურესად გაართულა პანდემიასთან კულტურის ადაპტირების პროცესი.

 

საფრანგეთი

 

საფრანგეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ უნდა აიძულონ ხოლმე სამინისტრო, რომ თუნდაც მწირი ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ რა ფესტივალები დაიშვება, რა ტევადობით და როდის. სავარაუდოდ, ფესტივალები ზაფხულის განმავლობაში მაქსიმუმ 5000 ადამიანით იმუშავებს (ადგილებზე) და სამინისტრომ გამოაცხადა ფესტივალების დაფინანსების გარკვეული სქემები. ამასთან, მრავალი ფესტივალი ჩვეულებრივ ტარდება ზაფხულამდე და მათი პოზიცია გაურკვეველია. უმეტესწილად ჯერჯერობით სრული ინფორმაცია კულტურის სექტორს არა აქვს

.

ნიდერლანდების სამეფო

 

ნიდერლანდელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჩაკეტვის პოლიტიკა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მათ ექსპერიმენტები ჩაატარეს მცირე ზომის სპექტაკლებზე უსაფრთხოების ზომებით. ფესტივალები ეგუებიან სიტუაციას და უფრო და უფრო მყარდება სტრიმინგის კულტურა. მთავრობა მისდევს გერმანიის მაგალითს; მათ შექმნეს სტრატეგიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ესაუბრება მთავრობას მოკლე და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შესამუშავებლად. დიდი თანხების ინვესტირება ხდება კულტურაში. თვითდასაქმებული კულტურის მუშაკები უფრო მეტ პრობლემას განიცდიან, მაგრამ კულტურული ორგანიზაციების თანამშრომლები, როგორიცაა ორკესტრები ან მუზეუმები, სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში არიან. სავარაუდოდ ფესტივალებს მუშაობის საშუალება მიეცემათ ზაფხულისთვის, იმ გარანტიით, რომ გაუქმების შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯები. მსგავსი სისტემაა, როგორც ბელგიაში.

 

უკრაინა

 

უკრაინის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფესტივალები ნელ-ნელა მოდიან გონზე პანდემიური სტრესისგან, მაგრამ ძირითადად ისინი ელოდებიან მითითებებს სამინისტროსგან ისევე როგორც მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შედეგებს მუშაობის შემდგომი განახლებისთვის. შარშანდელი გამოცდილების მიხედვით ფესტივალები წელს გეგმავენ მოკრძალებული ღონისძიებების ორგანიზებას გაზაფხულზე და განსაკუთრებით ზაფხულის თვეში, მაგრამ ძირითადად ფესტივალები მაინც მოლოდინის რეჟიმში არიან.

 

მალტა

 

ამ პირობებში ზოგიერთი ფესტივალი მაინც ჩატარდა, მაგრამ ბევრი მათგანი ფუნქციონირებს ინტერნეტით სტრიმინგების საშუალებთ. კულტურული ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრების შეზღუდვაა  100 მაყურებელი შენობებში და 300 გარე ღია სივრცის პროგრამებზე (პერსონალის ჩათვლით)  და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით.

 

უნგრეთი

 

ქვეყანა სრულ კარანტინშია. მთავრობა უარს ამბობს ფესტივალებისა და კულტურის სფეროში ღონისძიებებზე. მაგრამ კულტურის სექტორის წარმომადგენელთა ბრძოლა გრძელდება და ისინი შეინარჩუნებენ ზეწოლას მთავრობაზე.

 

ესპანეთი

 

შობის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და მთავრობამ უფრო მკაცრი ზომები მიიღო. დღეს სიტუაცია ცოტათი უკეთესია. ისევ გაიხსნა თეატრები, შნობები და კინოთეატრები, მაგრამ იფუნქციონირებენ  მაყურებლის შეზღუდული წესებით.

ესპანეთის თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი წესები კულტურისა და კოვიდის შესახებ. სხვადასხვა სექტორი და მათ შორის კულტურის  წარმომადგენლები ლობირებენ და ითხოვენ უფრო მეტ დახმარებას რეგიონალური და ცენტრალური მთავრობისგან კულტურის ყველა წარმომადგენლისთვის. ქვეყანაში  დიდი მოძრაობაა კულტურის არსებითი საჭიროებების გათვალისწინების ჩამოყალიბების მიზნით.

 

გერმანია

 

გერმანიის თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა აღნიშნა რომ გერმანიაში ყველაფერი გარანტირებულად გაუქმებულია ისევე როგორც ნიდერლანდებში მაგრამ სადღაც მაინც იტოვებენ იმედს რომ იმუშავებენ გარკვეულ დაგეგმარებაზე

 

 

 

ერთი თვალის გადავლებით შეიძლება ვთქვათ,, რომ სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია. ზოგადად რთული და ითხოვს ჩვენი შემოქმედებითი ფანტაზიის გაზრდას, ახალი უნარჩვევების დაუფლებას. საჭიროა კადრების სწრაფი გადამზადება ახალი მოთხოვნების მიხედვით, ურთიერთ თანამშრომლობა მედიებთან და ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტებთან. ვიდეო სტრიმებზე გადასვლების შემთხვევაშიც კი ევროპული ფესტივალები ახალ პროდუქციებს ქმნიდნენ და არა ძველი არქივის ჩვენებით იფარგლებოდნენ, ხელს უწყობენ ეროვნული ხელოვნების განვითარებას. პრაქტიკულად ფესტივალებს დიდი  გადააზრების დრო უდგათ: შინაარსისთვის, კონცეფციისთვის და ისევ უნდა მიუბრუნდნენ პასუხებს კითხვებზე: ვისთვის?, რისთვის? და რატომ? დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ასევე - როგორ?

 

 

ლევან ხეთაგური

ევროპის ფესტივალების ასოციაციის წარმომადგენელი კავკასიაში

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი



[1] ფინეთში ისევე, როგორც ბრიტანეთში და სხვა მრავალ ქვეყანაში ლატარიის ბიზნესი სახელმწიფოსია /კერძო მენეჯმენტით/ და მისი მოგება ხმარდება კულტურის /შეიძლება სხვა სფეროებსაც/ სუბსიდირებას