Sunday, December 28, 2014

რატომ ლიდერობს ”მაკბეტი”

რატომ ლიდერობს ”მაკბეტი”


აღმოჩნდა რომ გარკვეული ტიპის პოლიტიკური სიტუაციების პირობებში მსოფლიო კულტურის სათეატრო სივრცეში შექსპირის ”მაკბეტი” ლიდერობს ხოლმე. არ ვიცი აქ კანონზომერება უნდა ვეძებოთ, თუ ხელოვანთა არქეტიპულ ინტუიციაზე გავამახვილო ყურადღება, ვერც იმას ვიტყვი რომ ეს რაციონალურ პოლიტიკურ გემოვნებასთან შეიძლება იყოს კავშირში...

შექსპირის ”მაკბეტი” მისი გარდაცვალებიდან თითქმის მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაიბეჭდა 1623 წელს.
ძნელი სათქმელია ზუსტად, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ამ პიესას თითქმის არ წყალობდნენ, მაგრამ რატომღაც ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე სამი დადგმა განხორციელდა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და შეიძლება მარჯანიშვილის თეატრის სცვენში ”მინის თეატრის” იონესკოს ”მაკბეტ” (რეჟისორი რეზო შატაკიშვილი) მივათვალოთ, რომელიც იონესკოსა და შექპირის გარკვეულ მიქსს წარმოადგენს.
2014 წელს ქართულ თეატრში გააქტიურებული შექსპირისეული დადგმები შეიძლება მის საიუბილეო წელთანაც იყოს დაკავშირებული (2014 წელს მსოფლიო შექსპირის დაბადების 450 წელს აღნიშნავს), ან კიდევ იმ სტაბილურობის შეგრძნებასთან, რაც დამანგრეველო 90-იანების შემდეგ თეატრმა კვლავ შეიძინა თეატრმა და დაიჯერა თავის ძალებში, მიხვდა რომ შექსპირს უნდა დაუბრუნდეს ქართული თეატრი სხვანაირად კულტურულ დიალოგს მსოფლიო თეატრთან ვერ აწარმოებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ხდება რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში შექსპირს ქართული თეატრის სხვადასხვა თაობა კიდებს ხელს, როგორც რეჟისორები ისევე მსახიობები.

მაკბეტი შექსპირის პიესათა შორის ყველაზე მოკლე ნაწამოებად ითვლება (2349 სტრიქონისგან შედგება თითქმის ნახევარი ვიდრე ყველაზე დიდი ”ჰამლეტი” 4042 სტრიქონი) და ის, რომ იგი ტრაგიკულ II პერიოდს ეკუთვნის, შექსპირისთვის ჩვეულ მრავალ თემას აერთიანებს: ძალაუფლება, სიყვარული, ერთგულება და ღალატი, დანაშაული და სასჯელი; შექსპირი აქ იყენებს: პარალელიზმსაც - მაკბეტს და ლედი მაკბეტს; მისტიკური ხაზს - კუდიანების სახით.

შექსპირისთვის ”საყვარელი” აჩრდილების მაგივრად პიესაში სამი კუდიანია. ეს სამი კუდიანი ”მაკბეტის”, როგორც დრამის ისტორიულ სტიგმათაც კი იქცა, ისევე როგორც აჩრდილი ’ჰამლეტში”, ქარიშხალი ”ლირში”, ამიტომაც ხშირად ’მაკბეტის” კუდიანებზე თუ ალქაჯებზე იმათაც კი იციან ვისაც პიესა არ წაუკითხვას.
შექსპირი სწორედ ამ პესაში აღწევს აზრის უდიდეს დაძაბულობას და ემოციურად ექსპრესიულ მეტყველებას.
პიესა ითვლება, რომ ინგლისის მეფე ჯეიმსის პირველისთვისაც კი შეიძლება ყოფილიყო დაწერილ, რადგანაც სწორედ სამეფო კარის ჩვენებისთვის იყო განკუთვნილი და თავად ტექსტშიც არის მეფისადმი ქათინაურები, არაფერი რომ არ ვთქვათ ბრიტანული ”კოლონიალიზმის” თემისა. ეს თემა ხშირად იკარგება ხოლმე ამ პიესის დადგმისას - მახსოვს ბერლინში 1990 წელს ნანახი ”მაკბეტი” შილერის თეატრში, საიდანაც ორი რაღაც დამამახსოვრდა ყველაზე მეტად: სცენის თავზე გაბმულ ბადეში მფრინავი-მოცურავე კუდიანები (თავიანთი რიტუალისთვის, რომ შარდავდნენ ღამის ქოთნებში და გავდნენ ბერძნულ ბედისწერის ქალღმერთებს, რომლებიც ბედის აბლაბუდას ქსოვდნენ) და სცენიდან მარჯვნივ და მარცხნივ აივნებზე ბრიტანული სამეფო ტახტის ზედამხედველური - უფროსი ძმის - ცქერა და მსჯელობა - საქვეშევრდომო ”სამაკბეტოზე”, და რეჟისორული იდეა, რომ თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა - სხვათა მიერ დაპყრობით დასრულდა.
არის თუ არა  მაკბეტი პოლიტიკური პიესა, კონფლიქტი ახალგაზრდულ და დაბერებულ პოლიტიკოსებს შორის. თუ პიესა ხდება ხოლმე მიზეზი პოლიტიკური თეატრის შესაქმნელად.
მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის ბრიტანულ ისტორიაზე შექმნილი ტრაგედიებში ჰოლინშედს ენდობოდა, მას არა ერთხელ გაუმძაფრებია კიდევაც ისტორიული სახეები. არც ბენქოა გამონაკლისი, რომელიც შექსპირთან გაცილებით დადებითადაა გამოყვანილი, რაც კვლავ ჯეიმს პირველის მიმართ პოლიტიკურ კონიუქტურად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგანაც იგი თავს მის შთამომავლად თვლიდა.
მაკბეტი, როგორც პიესა თავისი იდეურ, ემოციური რიგით ”ჰამლეტსა” და ”მეფე ლირს” შორისაა მოქცეული ისევე როგორც შექმნის თარიღითც 1605/06 წელი.
ინგლისის მეფე ერთისმხრივ ტირანიის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ ინგლისისი გაფართოების გარანტია.
კუდიან/ალქაჯთა ორი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება:დედაკაცისგან არნაშობი - ვინც მოკლავს მაკბეტს და ბირნაბის ტყის დაძვრა - მაშინ დამარცხდება მაკბეტი.
ბირნაბის ტყის ”დაძვრის” დროს - თავდამსხმელების მიერ გამოიყენებულია სამხედრო ხერხი ხის ტოტების დახმარებით ფსიქოლოგიურ შეტევას გამოხატავდა  - გაქცეული მაკდოფი კი კლავს მაკბეტს.

არის თუ არა მაკბეტის მთავარი გმირი მაკბეტი თუ ლედი მაკბეტი? ისინი ერთმანეთის სარკისებრ ანარეკლს წარმოადგენენ, ორივე იბრძვის ერთი ძალაუფლებისთვის, მეორე კი სიყვარულისთვის, მაგრამ, ეს ორი გზა ძალადობის და სისხლის გადაკვეთაა ...
აქ შექსპირი თითქოსდა კლასიკურ ქრისტიანულ მორალიტეს უბრუნდება და ”დანაშაულის და სასჯელის” კლასიკურ მიდგომას ქმნის, რითაც საზრდოობდა მთელი ევროპული შუასაუკუნეების თეატრი, ინგლისიც ამ შუასაუკუნეების ტრადიციებზე იდგა ქრისტიანული თეატრის მორალზე; სისხლი, რომელსაც ვერ ჩამოირეცხავს მკვლელი, სისხლი, რომელსაც მხოლოდ დამნაშავე ხედავს და მეტი არავინ.
მკვლელობა შიგნით კლავს მკვლელს, როგორც კიბო ისე ჭამს მის ფსიქიკას და საბოლოოდ დამნაშავე ისჯება ერთნი თვითგვემით, მეორენი სხავათა ხელით.
პიესის უშუალო მოქმედება 9 დღის განმავლობაში, ხოლო მთელი ამბავი საშუალოდ 2 თვის განმავლობაში გრძელდება (ასე თვლიან შექსპირის მკვლევარნი) - მაკბეტის ოჯახის აღზევება და მისი განადგურება.

მრავალი წელია ბათუმის თეატრის სცენაზე არ განხორციელებულა შექსპირის ნაწარმოები, რაც კიდევ უფრო ზრდის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის გადაწყვეტილების მნიშვნელობას განეხორციელებინა ”მაკბეტი”, რომელიც ვფიქრობ, რომ თეატრის სავიზიტო ბარათად შეიძლება იქცეს.
ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებ ვრცელ საუბარს, მინდა მხოლოდ რამოდენიმე კონცეპტუალურ დეტალზე გავამახვილო ყურადღება.
პირველ რიგში ეს გახლავთ სათეატრო სივრცის გადაწყვეტის ძიება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ანდრო ენუქიძესთან ეს ჯერ კიდევ რუსთაველის თეატრში კლდიაშვილის ”ირინეს ბედნიერების” დროს მოხდა, როდესაც მაყურებელი სცენაზე ამოიყვანა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რეჟისორი უფრო მეტად ცდილობდა ”Black Box”-ის სივრცის შექმნას, რასაც თეატრში არსებული სათეატრო შენობების რესურსი არ იძლეოდა მაშინ.
ბათუმის თეატრის ”მაკბეტში” რეჟისორს კვლავ ამოჰყავს მაყურებელი სცენაზე ოღონდ განახლებული დატვირთვა ეძლევა. სცენის სიღრმეში მცირე ამფითეატრია, ჩვენს წინ კი გაშლილი სივრცეა: ავანსცენის, თავად თეატრის ამფითეატრისა და იარუსების, ბელეტაჟის ლოჟის ჩათვლით. ჩვენ პრაქტიკულად სცენის სიღრმიდან ვუცქერით მთელ სივრცეს - ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცარიელ დარბაზს. სწორედ დარბაზიდან მთელი ამფიტეატრის გადმოჭრით შემოდის სამი კუდიანი, თითქმის კლასიკური მინუეტის ტრიო, ოღონდ ერთი ჩასუქებული ვაჟბატონი (მსახიობი: ტიტე კობახიძე) და ორი ექსტრავაგანტული ქალბატონი (მსახიობები: ქეთევან ეგუტიძე და თეო შამილაძე), ქართულ თეატრში რობერტ სტურუამ 3 კუდიანი სამი მამაკაცით გამოხატა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანულ თეატრში როგორც წესი XIX საუკუნის ჩათვლით კუდიანებს სწორედ მამაკაცები ასრულებდნენ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ რეჟისორმა მოსინჯა დასის მსახიობთა გადანაწილება, სრულებით ახლებურად წარმოეჩინა მათი შემოქმედებითი ძალები. ვფიქრობ რომ ახალი სახეების გადაყვანა მთავარ როლებზე და ”პრემიერებისთვის” განსხვავებული, მთავარი მაგრამ დამხმარე როლების მიცემა, რასაკვირველია სწორი პოლიტიკაა და დასის ჯანმრთელობის გახანგრძლივების საწინდარია.
სასცენო სივრცე, საინტერესო სცენოგრაფიულ გადაწყვეტასაც გვთავაზობს: პირველ რიგში ეს მუდმივად ცარიელი სცენაა, რომელიც იოლად განიცდის ტრანსფორმაციას მოძრავი რეკვიზიტის წყალობით: მაგიდები, სარეცელი, აბაზანა, სკამები...
იარუსზე განლაგებული ზარბაზანი ქუხს - ამ პირობითობაში ეს ნატურალისტური დეტალი რეალობაში გვაბრუნებს.
მაკდაფისა (მსახიობი: დიმიტრი მელია) და მაკბეტის (მსახიობი: საალ გოგუაძე) საბოლოო შებრძოლების წინ, სცენის ფიცარნაგი ჰაერში აიწევა და მის ქვეშ სარკეების ლაბირინთში ჯერ აბობოქრებული ტყე ჩნდება, შემდეგ კი იარაღ აჟღარუნებულ საომარი მოქმედების სცენებს დავყურებთ, ოპტიკური ილუზიით ფერწერული სურათი  იქმნება, ეფექტური ხატი ქვესკნელისა, რომლის თავზეც დაკიდებულ ზესკნელზე პირობითად ”კარგი” მაკდაფი დაამარცხებს ”ბოროტ” მაკბეტს.        
სპექტაკლმა სრულიად ახლებურად დაგვანახა მაკბეტი - ზაზა გოგუაძე და ლედი მაკბეტი - თათია თათარაშვილი. ორივე ქმნის არა იმდენად ემოციურ ექსპრესიულ რიგს, რამდენადაც მოზომილ ინტელექტუალურ ხაზს გმირთა განცდისა.
საერთოდ მთელი სამსახიობო გუნდი ცდილობს მეტყველების მაღალი რეგისტრი არ გამოიყენოს და შექსპირის ტექსტი სასაუბრო მეტყველებად, გმირთა შორის ურთიერთობების გამორკვევის სიბრტყეში გადაიყვანოს. ჯამბაზი მკვლელები, თითქოსდა ბეკეტის ”გოდოს მოლოდინიდან” ანდა სტოპარდის ”როზენკრანცი და გილდესტერნიდან..” გადმოყოლილი პერსონაჟები იყვნენ და დრამატურგიულ ალუზიებს იწვევენ.
კუდიანები პრაქტიკულად მუდმივმოქმედი პერსონაჟები არიან: მთხრობელნი, მონაწილეები, დამკვირვებელნი, განმსჯელნი - ეს მათი სამყაროა, ჩვენ კუდიანთა სამყაროში ვართ, იქ სადაც ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს, რადგანაც ჩვენი ყველა სისუსტე კარგად იციან, იმისთვის რომ მანიპულაციით დიდი-ცხოვრებისეული თეატრი გაითამაშონ.
ლედი მაკბეტის სიგიჟის სცენა წყლით სავსე აბაზანაში ხდება, ერთის მხრივ როგორც წარუმატებელი განბანვა-ზიარების მცდელობა, რაც ერთდროულად XIX  საუკუნის სულით ავადმყოფთა ამბულატორიულ პროცედურებს გვაგონებს, მე კი ასაკოვანი ნიცშეს ისტორიულად ცნობილი ფოტო გამახსენდა, რომელშიც სანიტრები მას აბაზანაში აწვენდნენ.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპექტაკლის ფინალური სცენა - ამოძრავებული ტყე, სხვათაშორის ამ ტრაგედიის გადაწყვეტის დილემა, რომლის გადაწყვეტაზეც რეჟისორთა თაობები თავს იმტვრევდნენ. მოურიდებლად უნდა ითქვას, რომ ეს სცენა, სცენოგრაფიული გადაწყვეტით, მაშინერიის გამოყენებით ერთერთი საუკეთესოა თავად ”მაკბეტის” დადგმათა ისტორიაშიც კი, რაც ბათუმის თეატრს წამყვან თეატრთა შორის აყენებს და თანამედროვე მსოფლიო სათეატრო აზროვნების ნიმუშს აკუთვნებს.
 გარდაცვლილი პერსონაჟები სხვადასხვა ადგილს იკავებს ცარიელ ამფითეატრში - ისინი, როგორც ციდან სულები, უკვე დამშვიდებულნი, კარგად დავარცხნილნი და მოწესრიგებულნი ამჯერად კი მაყურებელნი უცქერენ სცენაზე მიმდინარე მოქმედებას, და გვიცქერენ ჩვენ მათ მაცქერალთ, როგორც ცხოვრების თეატრის დამკვირვებელთ.

არის თუ არა ”მაკბეტი” პოლიტიკური პიესა, თუ თავად შექსპირია უკვე თანამედროვე თეატრში პოლიტიკური ავტორი - ალბათ ერთიც და მეორეც. მაკბეტს ხშირად დგამენ ირანში, სხვადასხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში, იღებენ ფილმებს ისტორიული პირობითობის დაცვით, მოქმედების თანამედროვე დროში გადმოტანით და ასევე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში გადატანით.

ვი არიან მაკბეტები  - შეყვარებული წყვილი, თუ ძალაუფლების და საკუთარი ქვეყნისთვის მებრძოლი წყვილი?
რა გახდა ბათუმის თეატრის სპექტაკლის მთავარი იდეა - რეჟისორისთვის დანკანის გარდა ყველა ახალგაზრდა ადამიანია. იქნებ ეს თაობათა ბრძოლაა, სადაც ერთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მეორენი კი ამ ქვეყნის განვითარებას სხვათა - ბრიტანეთის იმპერიის - პროტექტორატით ფიქრობენ.
  არის თუ არა გამართლებული ძალადობა - თავისუფლების მოსაპოვებლად. ყველა სხვა ვნებებისთვის თუ სურვილებისთვის ადრე თუ გვიან მოგვიხდება ბრძოლა; ბრძოლა ქვესკნელსა და ზესკნელს შორის კი მარადიულ სახეს იღებს იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ეწირება სიყვარული, ერთგულება და მოღალატეობა, სანაცვლოდ კი ამ ბრძოლაში შეწირულნი ისევე გვიცქერენ, როგორც ამ ერთი სპექტაკლის პერსონაჟები შემოგვცქერიან ცარიე
ლი ამფითეატრიდან - რომელიც საიქიოს ამფითეატრს  ემსგავსება, სააქაოზე საცქერლად.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ კრიზისშია ტექსტზე დაფუძნებული თეატრი, მაგრამ ყოველთვის გვჭირდება იმის ახსნა, რომ კრიზისი არა თეატრისაა, არამედ იმ ადამიანების აზროვნების ვინც მას ქმნის.
ამ სპექტაკლს სერიოზული გარღვევის საშუალება აქვს იმისთვის, რომ როგორც ქართველ ისე უცხოელ მაყურებელს აჩვენო, რომ საქართველოში ისევე, როგორც სხვაგან, თანამედროვე სათეატრო აზროვნებას მისამართი არა აქვს და არა აქვს მნიშვნელობა იგი დედაქალაქში, თუ სხვა ქალაქში შეიქმნება, მთავარია ის არსებობდეს.

ლევან ხეთაგური
2014