Friday, April 29, 2016

ამფითეატრიდან შავ ყუთამდე

ამფითეატრიდან შავ ყუთამდე


სათეატრო სივრცის შეცვლა არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორების ამბიციები. ეს უფრო მეტად მაყურებლის - საზოგადოების ”ცქერის” ან ”საცქერის” ინტერესების ცვლასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მეორეს მხრივ წრეზე ბრუნდება და საწყისი პირობების აღდგენასთანაცაა დაკავშირებული.

კერძოდ ბერძნული ამფითეატრის მაყურებელს (პირველი პროფესიული თეატრისა - სეკულარიზაციის გზაზე) სთავაზობდნენ: სიტყვის, მოძრაობის, მუსიკის ერთიან გამოხატვას (სადაც სიტყვის თქმა იყო რეჩიტატივით) - სხეულის სრულ ხილვას, მოძრაობის დანახვას. ქოროს მიერ გამოსახული გეომეტრიული ფიგურების ნახაზების ხილვა საჭირო იყო ზევიდან ქვევით და ამიტომაც მაყურებელი თავსდებოდა ამფითეატრზე, გარდა იმისა რომ ეს ნააზები კოსმოსისთვის და ღმერთებისთვისაც სრულდებოდა.

ვატიკანის მიერ თეატრთან პირობითი ”შერიგების” შემდეგ ქრისტიანულმა დოქტრინამ თეატრისგან მთავარი მოითხოვნა გახადა - სიტყვა - მსახიობის მიერ სიტყვის გადაცემა-გადმოცება (ვფიქრობ, რომ ”პირველად იყო სიტყვა” (ლოგოსი) არასწორი ინტერპრეტაციის გამო, რომ სიტყვა უნდა ყოფილიყო პირველადი) შესაბამისად შეიქმნა დრამატული თეატრი, არისტოტელეს ფსევდო გაგებით და ”პოეტიკის” თვითნებური ინტერპრეტაციით. ტრაგედიის სრული მირებით და კომედიის (ანტიკური გაგებით) დისტანცირებით.

გამონაკლისი შეიძლება ყოფილიყო ”წარმართული სულისკვეთების” მქონე ელიზაბეთური თეატრი ინგლისში (დღემდე კამათობენ და შექსპირის კატოლიციზმს ეძებენ მკვლევარები, მიუხედავად იმისა, რომ ჰამლეტის ბოლო ფრაზა საიქიოდან გამოძახილი - იქ მარადიული ციჩუმეაო), თუმცა ის ქრისტიანული მისტერიების, მორალიტეს და მირაკლის ტრადიციებს აგრძელებდა.

თანამედროვე სათეატრო კულტურაში, სადაც ვითარდება მოძრაობის, ფიზიკური, ცეკვის თეატრი, თავად ტრადიციული დრამატული თეატრი პოსტ დრამატული თეატრის გზაზე ირჩევს ბლექ ბოქსს, ამფითეატრის მოდერნისტულ ვარიანტს, ანდა მაყურბელი თავად აყავთ სცენაზე და უარს ამბობენ ჩაღრმავებულ, ჩავარდნილ პარტერზე.

ამფითეატრისადმი სწრაფვა იწყება ჯერ კიდევ XIX  საუკუნეში და უკვე მაქს რეინჰარდტთან  სპექტაკლების განხორციელბა ხომ ბერლინის შუმანის ცირკის შენობაშიც ხდებოდა.
ამ ექსპერიმენტების ფარგლებში შეიძლება მოვიაზროთ გორდონ კრეგის, ადოლფ აპიას, ჰელერაუს ძიებანი, სადაც სცენაზე კიბეების სისტემის აწყობით თამაშდებოდა წარმოდგენა, რათა ჩავარდნილი პარტერისთვის ეჩვენებინათ სხეულის მოძრაობის შესაძლებლობები სრულად - ქვემოდან ზემოთ. ამფითეატრი პრაქტიკულად სცენაზე აიტანეს მსახიობებისთვის სამოქმედოდ.
არც ის იყო შემთხვევითი რომ ვსევოლოდ მეიერხოლდმა თავისი თეატრის მშენებლობისას მოსკოვში ამფითეატრი დააპროექტებინა. იგივე გააკეთეს გასულ საუკუნეში ლონდონის ნაციონალური თეატრის მესვეურებმა ლორენს ოლივიეს ხელმძღვანელობით 1950-60-იან  წლებში.

შეიცვალა რა მაყურებლის ინტერესი სრულად ხედვისადმი - მოქმედების, მოძრაობის, მსახიობის სხეულის ენის, მისი პლასტიკის, მიზანსცენების ნახაზის სილამაზის - ბუნებრივად ჩნდება სათეატრო სივრცის ცვლილების აუცილებლობაც. 

ჩავარდნილი პარტერი ისტორიას ბარდება და ვუბრუნდებით ამფითეატრს, მართალია ახალი ფორმის ამფითეატრს, მაგრამ თავად ძველ იდეს ცქერის პრინციპისა.


ლევან ხეთაგური
27.04.2016
თბილისი