Thursday, February 18, 2016

"მედეა” მუსიკისა და დრამის თეატრში

"მედეა” მუსიკისა და დრამის თეატრში


სამწუხაროდ მხოლოდ წელს - 5 თებერვალს მოვახერხე მენახა მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლი ”მედეა” და ვეღარ მოვასწარი უფრო ვრცლად დამეწერა მიხეილ ჩარკვიანის ამ სპექტაკლის შესახებ.

პირველ რიგში მინდა მართლა მივულოცო რეჟისორსა და თეატრს ეს წარმაგებული წარმოდგენა - ჩემთვის ეს ჩარკვიანის დადგმული მესამე წარმოდგენა იყო (მანამდე მომიწია ”მოჩვენებების” და ”ბეჩავის” ნახვა). ”მედეას” ეტყობა რეჟისორის ისეთი ზრდა, სადაც უკვე სრულიად გამიზნულად და ზუსტად იყენებს, მედიას, ხმას, დეკორაციის დეტალებს, მსახიობების პლასტიკას.
ჩარკვიანის ნარატივში - საზოგადოების მიერ კუთხეში მიმწყვდეული, შეურაცყოფილი, ლტოლვილი ქალი მედეაა, რომელსაც გამოსავალი არ დაუტოვეს. საზოგადოება რომელსაც ზომიერების გრძნობა აქვს დაკარგული. ეს ის ზომიერებაა, რომელსაც ევრიპიდე ძიძის პირით ამცნობს ”ზომიერებავ ციურო ნიჭო”.

ჩვენს თვალწინ (ბოლო წლების შემოქმედების მიხედვით) დასრულდა მეოცე საუკუნის ქართული უკვე მარგინალური და თან ჭირვეული თეატრი და იბადება ახალი ქართული დასავლური, თანამედროვედ მოაზროვნე თეატრი. ეს ტენდენცია ჩინებულად ჩანდა უკვე დოიაშვილის ”ზაფხულის ღამის სიზმარში”, სადაც ობერონი-კინწურაშვილი და ტიტანია-ბუბა გოგორიშვილის დუეტი, ქართული თეატრისთვის ტრადიციულად კი არ ყვიროდნენ, ექსპრესიულად კი არ მოძრაობდნენ, მანერულად კი არ იცქირებოდნენ... არამედ აცრემლებული, ატირებული ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სიზმარ-სიცხადის ტრაგიზმში. მსახიობთა ეს დუეტი გახდა ”მედეას” წარმატების გარანტიც. ვნებით და ლტოლვით შეპყრობილი იაზონი - კინწურაშვილი და შეურაცყოფილი დედა-მეუღლე გოგორიშვილი. სამსახიობო დუეტი რომელიც შეიძლება წლის და დეკადის საუკეთესო დუეტადაც კი ვაღიაროთ, ნახევარტონებით მეტყველებით , სიჩუმით ახმაურებით შექმნილი ტრაგიზმი. მსახიობთა შინაგანი ენერგიით სიჩუმეში განადგურებული ყალბი სამყარო. ასეთ სამყაროში უცოდველი ბავშვებისთვისაც კი აღარ რჩება ადგილი. მედეა იაზონს მკვდარი ცხედრების შეხების უფლებასაც კი არ აძლევს, იაზონის ხოხვა იატაკზე რომ მკვდარ შვილებს შეეხოს მარცხით სრულდება ყოველ ჯერზე, ისევე როგორც სიზიფოსის. დედა - მედეა ვერასდროს ვერ აპატიებს მეუღლე იაზონს. ეს ახალი რეალობაა. ახალი გამოწვევაა რეჟისორებისთვისაც და მსახიობებისთვის.
სპექტაკლის დასაწყისში მოთამაშე ბავშვები ურიკასთან თამაშობენ - ანტიკური თეატრის ენკიკლემას ჰავს, რომლითაც ბერძნულ თეატრში სცენის გარეთ მომხდარი მკვლელობის შემდეგ მაყურებელთან შემოაგორებდნენ ხოლმე რომ ეჩვენებინათ ცხედრები. ამ სპეტქკლში ენკიკლემით კი ოთახიდან გარეთ ცდილობს მედეა ბავშვების ცხედრების გატანას - ახლა ენკიკლემაზე დასვენებული ბავშვები გარეთ მყოფ მაყურებელს უნდა ვაჩვენოთ. მაგრამ გატანის დროს ენკიკლემა კარის ძელს ეჯახება და ესეც რიტმულად გაუთავებლად მეორდება, მოერდება ხმაური ენკიკლემის, ცხედრების  ვერ გატანისა გარეთ ისევე, როგორც იაზონი ვერ მიხოხდებოდა ხოლმე ცხედრებთან. ეს ორივე გმირის ბედისწერაა, რომელსაც ვერც ჩამოიშორებენ, ვეც აცდებიან და ვერც დაასრულებენ, ცხედრების დაჯახების რიტმულად განმეორებად ფონზე სრულდება მაყურებლისთვის, თანამედროვე,  ერთ დროს შეყვარებულ წყვილთა ტრაგიკული, ძალადობით, გენდერული უთანასწორობით დასრულებული ამბავი, ანტიკური პარადიგმით.
ვის არ ესმის ან არ უნდა გაიგოს და შეეგუოს ახალ რეალობას - რეტროგადი მთვლელები, თუ წარსულს მონატრებული ახალ ვერ აღქმული სპეციალისტები, ცხადია, რომ  პროფესიონალიზმი  ყოველწლიური სწავლა და განვითარებაა და არა ერთხელ ნასწავლის სიკვდილამდე განმეორება ან უაზრო დაცვაში.
ქართული თეატრი ვითარდება სწავლის ხარჯზე, ივიწყებს ძველს და მუდამ სწავლობს ახალს. ”მედეაც” ახალი გაკვეთილია და თუ მაყურებელი ვერ ნახავს და თეატრმცოდნე ვერ გაიგებს გულდასაწყვეტია, მაგრამ ვერც თეატრს და ვერც სპექტაკლს ვერაფერი ვერ დააკლდება.


ლევან ხეთაგური