Saturday, September 12, 2020

გურჯიევი და საშემსრულებლო ხელოვნება

 

გურჯიევი და საშემსრულებლო ხელოვნება[1]

 

1915 წელს გურჯიევმა დაწერა (ან უფრო დაზუსტებული იქნებოდა: დაიწყო იდეის დამუშავება. მაგრამ ეს თარიღია როცა მსგავსი ცნობა პირველად ჩნდება რუსულ პრესაში და ამ ინფორმაციას იხსენებს პეტრე უსპენსკიც[2], რომელიც მაშინ არ იცნობდა გურჯიევს) და დაიწყო მუშაობა განხორციელებაზე (ამის სრულ დასტურს ჩვენ ვერსად ვერ ვპოულობთ, თუმცა ვიცით რომ ხელშეკრულება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთანაც კი დაიდო გურჯიევის ტიფლისში ყოფნის დროს მის დადგმაზე, და ინტენსიურად მუშაობდა დადგმაზე, მუსიკაზე, ცელვებზე - ამას თავის წიგნში ადასტურებს ტომას დე ჰარტმანი) ”ინდუსური” ბალეტი ”გრძნეულთა (მაგთა) ბრძოლა” და ცნობამ ამ დადგმის შესახებ დააინტერესა ჟურნალისტი პეტრე უსპენსკი, რომელიც მოგვიანებით მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე და მემატიანე  გახდა.  სწორედ იგი იყო გურჯიევის საქმის თანამონაწილე და მრავალი წიგნის ავტორი ”მეოთხე გზის” სწავლების შესახებ.

 

”პიროვნება - ამბობდა გურჯიევი - მოგვაგონებს კაბას ან ნიღაბს, რომელსაც იცვამენ ანდა იხდიან ვითარებასთან კავშირში, რომელთა ცვლაც შესაძლებელია თვალის დახამხამებაში ჰიპნოზისა ანდა ნარკოტიკების მიღების საშუალებით.”

 

გურჯიევმა გამოყო ადამიანური ცნობიერების ოთხი საფეხური: ძილის მდგომარეობა, ჩვეულებრივი ფხიზელი მდგომარეობა, თვითგახსენების მდგომარეობა და ობიექტური ცნობიერების მდგომარეობა.

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შატო დე პრიორეში (მისი მამული საფრანგეთში, სადაც სრულად აამოქმედა თავისი ინსტიტუტი და ღებულობდა მსმენელებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან) დასვენება ნებადართული არ იყო. გვიან ღამემდე  მოსწავლეებს უნდა დაესწავლათ რთული ცეკვები, რომელსაც გურჯიევი თვლიდა წვრთნის უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ამავდროულად იგი ეყრდნობოდა მოსაზრებას, რომ  ადამიანზე მოქმედებს სამი ცენტრის საშუალებით: ინტელექტუალურით, რომელიც აზროვნებს და გეგმავს, ემოციურით, რომელიც შეიგრძნობს ტკივილს განიცდის ნეტარებას და ფიზიკური ანდა ინსტიქტური, რომელიც ამოძრავებს და ქმნის. ითვლებოდა, რომ ყოველ ადამიანში ამ ცენტრებიდან ერთერთი დომინირებდა.

 

ცეკვები განკუთვნილი იყო სწორედ ამ ცენტრების გამოსავლენად და მათ გასავითარებლად მოძრაობის საშუალებით, რაც გურჯიევისეული ფილოსოფიის ერთერთ არსს წარმოადგენს.

 

„გრძნეულთა ბრძოლები“ ითვლება რომ გურჯიევის ბოლო პუბლიკაციაა.  ის ხუთ მოქმედებანი დრამატული ტექსტია. გურჯიევი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ლიბრეტოს ავტორი არამედ მუსიკის ავტორიც, ბალეტის კომპოზიტორიცაა, სადაც მუსიკაზე შექმნილ ცეკვებს უფრო დიდი მომავალი აღმოაჩნდა ვიდრე თავად ბალეტის განხორციელებას.

 

იმ ნაწილში როდესაც იგი აღწერს ქალაქის მოედანს და ძველ ციხე-კოშკის ნანგრევებს, რომელიც ქალაქს დაჰყურებს ცალსახად თბილისს მაგონებს ანდა ყარსის ლანდშაფტს, თუმცა მიუხედავად ციხე სიმაგრისა და ქვემოთ გადაშლილი ქალაქის გარდა ყარსის მოედანი ვერ იქნებოდა ისეთი მრავალფეროვანი როგორიც მეცხრამეტე საუკუნის თბილისი იყო, რაც ვფიქრობ გურჯიევის ყმაწვილური შთაგონების წყაროდ გადაიქცა. თუმცა გურჯიევის მიერ გამოვლილი შუა აზიის ბაზრობებიც განავითარებდა მის ფანტაზიას და ვიზუალურ მეხსიერებაშიც დაილექებოდა.

პიესა-ბალეტი საშუალებას იძლევა ვისაუბროთ ფორმაზე მომავალი დადგმის შესაძლებელ ფორმაზე.

გურჯიევი და თეატრი, ცეკვა, მუსიკა, ანუ გურჯიევი და  საშემსრულებლო ხელოვნება, ეს იმდენად დიდი თემაა, რომ არა ერთხელ შეიძლება მივუბრუნდე მას.

... და ჩემთვისაც ეს პირველი შემთხვევა არაა ამ თემაზე წერის, მსჯელობის და ფიქრის. მაგრამ ყოველთვის ჩნდება ახალი დამატებითი გარემოებანი, რომელიც შთაგონების წყაროდ გადაიქცევა ხოლმე, რათა ქაღალდზე გადატანის საშუალებით გაუზიარო მკითხველს.

ამჯერად საუბარი მის ერთადერთ დრამატულ ტექსტზე, ანუ მის მიერ წოდებულ ბალეტის ლიბრეტოზე გვექნება, რომელსაც ჩემთვის ცხადია ბალეტად დროის მოთხოვნების გამო მოიხსენიებდა, რადგანაც მისი შექმნის დროს, რაც სავარაუდოდ დასრულების ვადად სწორედ თბილისის პერიოდი უნდა ვიგულისხმოთ. იმიტომ რომ ზალცმანის შუამდგომლობით გურჯიევსა და თბილისის ოპერის თეატრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მის განხორცილებაზე და სწორედ ამის საფუძველზე ოპერის თეატრში მიდიოდა პირველი აქტის რეპეტიციებიც.

სამწუხაროდ თბილისის ოპერის თეატრის ხანძრის გამო არქივის სერიოზული (თუ უმეტესი არა) ნაწილი განადგურდა და დღემდე დოკუმენტური მასალის მოძიებას მოკლებულნი ვართ. თბილისური თარიღები ამ პროექტისთვის 1919-1920 წლებია.

გურჯიევის ბალეტის ლიბრეტო, თანამედროვე მოძრაობის, ფიზიკური თეატრის, არავერბალური თეატრის წინამორბედად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მისი ძირითადი სიუჟეტური ხაზის და სახელწოდების გამო იგი ეზოთერული ისტორიაა, ზოგიერთი ძველი ტრადიციული რიტუალის ეგზოთერულობით, და დღევანდელი ჩვენი წარმოსახვისა და ცოდნის მარაგის მიხედვით სხვადასხვა რელიგიური-სპირიტუალური, ეზოთერული პრაქტიკების ცოდნის სინთეზითაა წარმოდგენილი.

ჩვენამდე მოღწეული ტექსტი სავარაუდოდ (ჩაწერილი და რედაქტირებული თავად გურჯიევის მიერ და ალბათ კორექტირებული მოსწავლეების მიერ) რამდენიმე ამოცანას აერთიანებს:

ა/ ეზოთერულს

და

ბ/ მხატვრულს (ანუ თეატრალურს)

ეზოთერული მნიშვნელოვანია ამბავში და ფორმაში ანუ რიტუალების შესრულების (ვერ ვიტყვით სიზუსტეში) გადმოცემაში, რაც არა მხოლოდ ორი საკვანძო რიტუალია, არამედ ის ვარჯიშებიც, და ჰიმნიც, ლოცვაც რასაც პერსონაჟები ასრულებენ მთელი ამბის - წარმოდგენის განმავლობაში სხვადასხვა დროს.

მხატვრული მოიცავს გამოხატვის რამდენიმე ფორმას:

მუსიკას

პლასტიკურ ენას - ცეკვებს

ვერბალურ გზავნილებს - ჰიმნების და ლოცვის სახით.

და ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ გადაწყვეტას ანუ სცენების აღწერას, მითითებებს, რემარკებს, რაც თანამედროვე გაგებით შესაძლებელია რეჟისორული გადაწყვეტის მითითებებს/გზამკვლევს, ექსპლიკაციას წარმოადგენდეს, და ძალიან საინტერესოა, რადგანაც შემოთავაზებული ფორმის მიხედვით იგი ძლიერ უსწრებს თავის დროს და თანამედროვე მულტიმედიური თეატრის ფორმას ამსგავსებს. თუმცა რამდენადაც თავად გურჯიევი ახორციელებდა დადგმას, სავარაუდოდ, ის რაც სცენაზე მოხდებოდა შეიძლება სცენარში დეტალურად არც ასახულიყო.

ვფიქრობ ასევე საგულისხმოა გურჯიევის დიაგილევთან ნაცნობობა, რაც დასტურდება საფრანგეთში ყოფნის დროს[3], შესაძლებელია გარკვეული ვარაუდი ურთიერთ გავლენის შესახებ - დიაგილევთან  „წმინდა გაზაფხულსაც“ ახასიათებს მისტიკურ, ეზოთერული ხაზი, რიტუალის შეტანა და იმ დროისთვის გამეფებული წარმოდგენის შეცვლა ბალეტში, თუმცა ქრონოლოგიურად ფაქტია რომ საფრანგეთში ჩასვლამდე გურჯიევს მინიმუმ პირველი ნაწილის ქორეოგრაფიული ნაწილი უკვე გაკეთებული უნდა ჰქონოდა და ლიბრეტო დასრულებული უნდა ყოფილიყო.

მნიშვნელოვანია ისიც რომ გრძნეულთა/მოგვთა/ ჯადოქართა ბრძოლები/შერკინება თეატრალური ჟანრის - მორალიტეს ფუნქციებსაც ითავსებს, თუმცა აღმოსავლური პარაბოლის ფუნქციასაც არ კარგავს, მაგრამ ცხადია რომ მასში დიდაქტიკის, მორალის ბევრი ინსტრუმენტია გამოყენებული.

არ ჩაიდინო ცუდი საქმე (თუმცა ამ შემთხვევაში ალეგორიული ენით და პირდაპირი ჩვენებით გურჯიევი გვეუბნება „ნუ შეეკვრები შავ/ბოროტ ძალებს, თუნდაც სიყვარულის გამო, ის მთელს შენს ცხოვრებას, მომავალს დაამსხვრევს და ერთი აბსოლუტმა იცის რას დამმართებს შემდგომში შენს სულსაც და შთამომავლობასაც კი.

ტექსტი ერთი შეხედვით საკმაოდ ნაივური და პრიმიტიული ჯადოსნური ზღაპრების ზღვარზეა. სასიყვარულო ისტორიამ და ქალის დაუფლების წყურვილით შეპყრობილი შეძლებული მოხდენილი ყმაწვილის ისტორიამ შეიძლება „ათას ერთი ღამეც“ კი მოგაგონოთ. მაგრამ ალაგ-ალაგ გაფანტულია საკუთარი სწავლების დებულებები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თეთრ მაგთან გურჯიევის თვითიდენტიფიკაცია ხდება, შეიძლება ამიტომაც ის სულ განიცდიდა დახვეწას და არასდროს არ განხორციელებულა სრული სახით ანუ ცეკვების გარდა.

თეთრი მაგის სკოლის აღწერისას გურჯიევი თავისი კოსმოგონიის უმნიშვნელოვანეს დებულებას გვამცნობს: შეისწავლი რა ერთ კოსმოსს თქვენ შეიცნობთ ყველა დანარჩენს. შეისწავლი რა საკუთარ თავს სრულად, შეიცნობ ყველაფერს, ღმერთსაც კი, რამდენადაც ადამიანები შექმნილნი არიან მის მსგავსად“ (მეორე მოქმედება).

 

მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ექსპოზიციაშივეა, სადაც გურჯიევი დეტალურად აღწერს მოედანს, ამ ეგზოტიკური ქალაქისა, რომელიც სამყაროს გზაჯვარედინად ქცეულა, რაც მე პირადად თბილისის მეიდანს, აბანუთუბანს, ნარიყალას ქვემოთ  ძველ თბილისს მომაგონებს, რაც შეიძლება ჭეშმარიტებაც კი იყოს რადგან ამ უბანში გაიარა გურჯიევის სიყმაწვილემ, როდესაც ყარსიდან თბილისში გამოაგზავნეს სასწავლებლად, სადაც პირველად ნახა იეზიდური რიტუალები და გაეცნო ზოროასტრიზმს, იმიტომ რომ თბილისის ყველაზე ძველი ცეცხლთაყვანისმცემლების ტაძრიდან არც თუ ისე შორს უნდა ეცხოვრა და ყოველდღე მის მიღმა ეარა.

 

მთელს ლიბრეტოში კარგად ჩანს გურჯიევი- რეჟისორის და არა დრამატურგის

მითითებები, რადგანაც იგი ჩვენამდე მოღწეულ ტექსტში ზედმიწევნით აღწერს ზუსტად რას უნდა ვხედავდეთ სცენაზე.

აქ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ის გარემოება, თუ რა ხერხს აირჩევს ქორეოგრაფი - სტილიზაციას ანუ ეგზოტიკური ქვეყნების სტილიზირებულ მუსიკაზე აუთენტური ქორეოგრაფიის ალუზიების შექმნას, როგორც შოუმენი თუ ჩამოთვლილ ცეკვებს წარმოადგენს, როგორც ანთროპოლოგი და შეეცდება „არქეოლოგის მორალით დაიცვას ცეკვის იდენტობა და ამით შეინარჩუნოს მასში დაცული საკრალურობა, რაც ასე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო გურჯიევისთვის.

მოვიყვან ბალეტის ტექსტის ამ ადგილს:

„დასაწყისში ტიბეტელი მოცეკვავე ასრულებს თავისი საიდუმლოებით მოცული ქვეყნის ერთერთ ცეკვას. მას კვალდაკვალ მოყვება სომეხი ქალი მუშიდან[4] და ნელი მუსიკის თანხლებით ასრულებს თავისი ქვეყნის სასიყვარულო ცეკვას, თითქმის ძილის მომგვრელ, მაგრამ ფარული ცეცხლით აღსავსეს. მის შემდეგ ცეკვებში ერთვება, მსუბუქი თითქმის ჰაეროვანი, გამოდის ოსი ქალი კავკასიიდან, სინათლესავით ჰაეროვანი ცეკვით. შემდეგ ბოშა, ხალხის ქალიშვილი, რომელთაც დავიწყებული აქვთ სამშობლო ცეცხლოვან წრებრუნვაში თითქოსდა ცეკვით ყვება სტეპების თავისუფლებაზე და ბოშათა ბანაკის შორეულ ცეცხლზე. მას შემდეგ არაბი ქალი, ჯერ ნელა, შემდეგ სულ უფრო აჩქარებული და აჩქარებული მოძრაობებით, მიდის გიჟურ რიტმამდე, შემდეგ კი უცბად დუნდება და ნელ-ნელა შედის ექსტაზში. შემდეგ გამოდის ბალუკისტანელი (Balluchistani), ქართველი, სპარსელი, პროფესიონალი მოცეკვავე ინდოეთიდან - თითოეული მათგანი თავისი მოძრაობებით გამოხატავს თავისი ქვეყნის სულს, ზნეობას, ტემპერამენტს და ხასიათს.“  (მესამე მოქმედება)

ეს საინტერესო თეატრალური ნაწილია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის საშუალებას იძლევა ანთროპოლოგიურად სხვადასხვა ცეკვების ჩვენების და მეორეს მხრივ აქ ჩანს ყველაზე კარგად კლასიკური ბალეტის შეიძლება ითქვას რუსული ბალეტების მსგავსი - იმიტაციაც კი როდესაც, ბალეტის შუა ნაწილში დარბაზობის ან თავყრილობის დროს სხვადასხვა ეგზოტიკური ცეკვების ნაკრებს-შოუს აწყობენ ხოლმე.

 

თეთრი მაგის სკოლის აღწერა ერთის მხრივ შუა საუკუნეების ალქიმიკოსის ლაბორატორიას, შეიძლება ფაუსტის გრავიურების კი მოგვაგონოს: სადა ოთახი, რაც გავს ლაბორატორიას ანდა ობსერვატორიას - ყველგან თაროებია, სადაც ალაგია კოლბები, მინის სხვადასხვა ჭურჭელი, ფანტასტიკური გარეგნობის საგნები, თავიანთი მოხაზულობით გვაგონებს თანამედროვე მოწყობილობებს ასევე პერგამენტის გრაგნილები და წიგნები.

უკანა ხედზე უზარმაზარი ფანჯარაა დაფარული ფარდით, მარჯვნივ - გასასვლელი კარები ქუჩაში.

მარჯვენა კუთხეში დგას ქვიშის საათი. მარცხნივ - რამდენიმე დაბალი მაგიდაა, რომელზეც კოლბები, მინის ჭურჭელი და გადაშლილი წიგნებია.

ფანჯარასთან დგას უცნაური კონსტრუქციის ტელესკოპი, მარცხნივ კი პატარა მაგიდაზე - მიკროსკოპის მსგავსი ხელსაწყო (მეორე მოქმედება, სცენა პირველი)“.

 

განსაკუთრებულად აღსანიშნავია სცენოგრაფიაში ენეაგრამის გამოყენების მითითება:

„ფანჯრიდან მარჯვნივ დგას სამეფო ტახტის მსგავსი სავარძელი მაღალი ზურგით, რომელზეც გამოსახულია ენეაგრამის სიმბოლო, მარცხნივ კი მცირე სავარძელი გრძნეულის თანაშემწისთვის (მეორე მოქმედება, სცენა პირველი)“. წარმოდგენაში სიმბოლო მანათებელია, რომელიც გრძნეულის ტახტში ჩაჯდომისას ინთება.

იოლი წარმოსადგენია რამდენ ნაწარმოებზე, კინოფილმზე მოახდინა გავლენა ასეთმა დეტალურმა აღწერამ  ჯადოსნური სკოლების რეკონსტრუქციების დროს.

მეოთხე მოქმედება შავი მაგის სკოლის-გამოქვაბულის აღწერით იწყება, დღევანდელი დაგროვილი ვიზუალურ-კულტურული მემკვიდრეობის ფონზე აღწერა ძალიან სტერეოტიპულია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ როდინდელია იგი, სავარაუდოდ ამ მემკვიდრეობის შექმნამდე: ფართე გამოქვაბული. უკანა კედლის ცენტრში გამოწეულია, მარჯვნივ ამაღლება, რომელსაც შემოსასვლელისკენ მივყავართ, მარცხნივ გასასვლელია, რომელსაც გამოქვაბულის სიღრმეში მივყავართ. მარცხენა მხარეს ბნელ ნიშაში ღუმელის ანდა ცეცხლის კერის მსგავსია, რომელშიც მკვეთრდ ანთია ცეცხლი. ცხაურაზე დგას მოთუხთუხე ქვაბი, საიდანაც დრო და დრო ამოდის მწვანე კვამლის ბოლქვები. კერის წინ ზის ნახევრად შიშველი გაბურძგნული არსება, რომელიც უცნაური ფორმის სამკბილათი ურევს და ცეცხლს შეშას უკეთებს. კერიას თავზე მაღლა ადამიანის ჩონჩხი კიდია, გვერდიდან კი ამოშვერილია უფრო უცნაური ფორმის ფიწლები. გამოქვაბულის ცენტრში, უკანა კედელთან ახლოს, დიდი ქვაა, რაც სამეფო ტახტს მოგვაგონებს. ზემოდან ჭოკზე ჩამოკიდებულია პენტაგრამის ნიშნი/სიმბოლო.


ჭერზე ჩამოკიდებულია სხვადასხვა ცხოველების ფიტულები: ბუ, გომბეშო, ღამურები, ასევე ადამიანების და მხეცთა თავის ქალები. აქაც და იქაც დაბალი მაგიდებია, რომლებზეც მიმოფანტულია სხვადასხვა ნივთები; ყველგან უწესრიგოდ ყრია კოლბები, ჭურჭელი, წიგნები და პერგამენტის ხვეულები. გამოქვაბულში თავისუფლად დასეირნობენ შავი კატები და დაცოცავს უზარმაზარი მახრჩობელა გველი. ეს განთქმული შავი გრძნეულის სკოლაა“.

შავი სკოლის სიმბოლოდ პენტაგრამას გვთავაზობს.

ცალკე თემაა წარმოდგენილი რიტუალები, რომელიც დეტალურადაა აღწერილი და საკრალური ცეკვები, მათ შორის ენეაგრამის ნახაზით.

ერთერთი პირველი ჯადოქრობა ბავშვის ჭრილობის მოშუშებაა.

პირველი რიტუალი მოჯადოებაზეა, შელოცვის გზით, გურჯიევი დეტალურად აღწერს როგორც მოსამზადებელ პერიოდს ისე თავად მოჯადოების მისაღწევ პროცესს: მათგან ერთი ნაწილი  გამოქვაბულის ცენტრში წევენ მაგიდას და აფარებენ შავ გადასაფარებელს, რომელიც მოქარგულია ზოდიაქოს წითელი ნიშნებით და კაბალისტური სიმბოლოებით. სხვები მიდიან გამოქვაბულის  სიღრმეში  და ბრუნდებიან სხვადასხვა ნივთებით, რომელთა შორის  შავი ხის კვერთხია, ოქროს დაბოლოვებით და რბილი თიხის ბურთულით. ამ ყველაფერს ათავსებენ მაგიდაზე. თიხის გვერდით ისინი დებენ გახსნილ სქელ წიგნს უცნაური იეროგლიფებით და ჰექსაგრამების გამოსახულებებით, ასევე ურნას, საიდანაც მოჩანს ადამიანის წვივის ძვალი.

გრძნეული ტანსაცმელს იხდის და იღებს რა ერთი მოწაფისგან მალამოს, ტანზე ისვამს, კვლავ იმოსება და ზემოდან  იცმევს ფართო სახელოებიან ხალათს. ის მთლიანად მოქარგულია ზოდიაქოს ნიშნებით; ზურგზე - პენტაგრამის ამოქარგული სიმბოლოთი, მკერდზე თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით. თავზე იხურავს მახვილბოლოიან თავსაბურს, რომელზეც დიდი და პატარა ვარსკვლავებია ამოქარგული.

შემდეგ ის იღებს ზეინაბის აბრეშუმის თავსაფარს და ჭმუჭნის რა მას თიხის ნაჭრის შუაგულში ათავსებს, რისგანაც შემდეგ ძერწავს ადამიანის მსგავს ფიგურას“.

ამ ეპიზოდში სადაც სანთლის ფიგურის მაგივრად თიხის ფიგურას იყენებს და მოგვაგონებს აფრიკული ვუდუს სარიტუალო მატრიცას.

„მოათავსებენ რა ფიგურას მაგიდაზე, ის ხაზავს მის გარშემო დიდ წრეს, რომლის შიგნითაც იკრიბებიან მოწაფეები. გრძნეული, დგება რა მაგიდასთან გასცემს ბრძანებას. მოწაფეები ეგრევე ქმნიან ჯაჭვს, რომელშიც მონაცვლეობენ ქალები და კაცები. მამაკაცი  გრძნეულისგან მარჯვნიდან, ხოლო ქალი მისგან მარცხნივ თავისუფალი ხელებით იჭერენ გრძნეულს იდაყვებით. ზოგიერთი მოსწავლე რჩება ჯაჭვის გარეთ“.
წრის გამოყენება უძველესი მაგიური ხერხია, რომელსაც ვხვდებით ფაუსტთანაც და როგორც სულებისგან თაბდასაცავად, ასევე სულების შესაკავებლადაც.
„გრძნეული მარჯვენა ხელში  იღებს კვერთხს, მარცხენათი კი აკეთებს პასებს[5] და ჩურჩულებს მაგიურ შელოცვას. ჩანს რომ ჯაჭვში მდგარი მოსწავლეები კრუნჩხვისგან იკლაკნებიან; ზოგიერთი სუსტდება და ეცემა კიდევაც. მათ ადგილს სასწრაფოდ იკავებენ ისინი, ვინც ჯაჭვის გარეთ იყვნენ დარჩენილნი, ცდილობენ ეს იმდენად სწრაფად გააკეთონ რომ ჯაჭვი არ გაწყდეს. თიხის ფიგურა მაგიდაზე ნელ-ნელა იწყებს ნათებას - ჯერ სუსტად, შემდეგ კი ძლიერად და უფრო კაშკაშად. ორი მოწაფე მუშაობს ღუმელთან: ერთი უწყვეტად უკეთებს შეშას, მეორე კი ნახშირს ატრიალებს. ცეცხლი ღუმელში სულ უფრო ძლიერად ბობოქრობს, გარეთ გამოდის ცეცხლის მაღალი ალები.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ მიდის  მოწაფეთა მოძრაობები ჯაჭვში ხდება სულ უფრო შმაგი და შემზარავი, ისინი აშკარად უკანასკნელი ძალების მოკრებით უძლებენ. თავად გრძნეულიც შეუძლებელ ძალისხმევას წევს. თიხის ფიგურა  უფრო ძლიერად ანათებს, როდესაც მას კვერთხს გადაატარებენ, დროდადრო კი კაშკაშით იფეთქებს ხოლმე. ქვაბიდან ისმის მზარდი ხმაური და იმ დროს როდესაც ხმაური ძალიან მაღალია, სინათლე გამოქვაბულში ფერმკრთალდება და უცბად ღუმელის თავზე ჩნდება ზეინაბის აჩრდილი და ნელ-ნელა იწყებს ნათებას. იმისდა მიხედვით, რაც უფრო მკვეთრი ხდება აჩრდილი, ორთქლი/ოხშივარი ქვაბიდან სულ უფრო მცირდება. ცეცხლი ღუმელში უფრო გაშმაგებით ბობოქრობს. კვერთხის თავი და თიხის ფიგურა მკვეთრად კიაფობს. გრძნეული და ყველა მოწაფე ჯაჭვში კონვულსიებში იკლაკნებიან. ხმაური გამოქვაბულში ძლიერდება და მეხის გავარდნას ემსგავსება, და ერთერთი ასეთი გავარდნის დროს გამოქვაბული სიბნელეში იძირება.

ნელ-ნელა კვლავ ნათდება. ზეინაბის აჩრდილი ქვაბის თავზე აღარ ჩანს. ცეცხლი ღუმელში ჩაქრა. უკიდურესობამდე გადაღლილი მოწაფეები იატაკზე წვანან.“

მეორე რიტუალი კი განჯადოებაზეა, რომელიც მეხუთე მოქმედებაშია: გრძნეული იმოსება. იგი იცმევს სამხარიღლიეს, შემოირტყამს ქამარს და ფეხზე იცმევს რეზინის მსგავს ბახილებს. იცმევს თავსაბურავს სახვევის მსგავს სამი წვეტიანი კონუსით მაღლა, გვირგვინის მსგავსს. ზემოდან იცმევს შესამოსელს, რაც მღვდლის სამოსელს მოგვაგონებს. იმავდროულად მოწაფეები გრძნეულის თანაშემწის ხელმძღვანელობით ასევე ემზადებიან, იცმევენ ისეთივე ქამრებს და ბახილებს. ისინი იბანენ ხელებს, რამდენჯერმე იბერტყავენ წყალს და მერე სვამენ რაღაც სასმელს.

ახლა გრძნეული უკვე მზადაა. იგი იღებს ჭურჭელს, რაც ჰგავს დიდ თასს და თავის წინ იდგამს; სხვა  მსგავსი ფორმის, მაგრამ უფრო მცირე ზომის  ჭურჭელს, იგი დგავს მაგიდის საწინააღმდეგო მხარეს. ჭურჭელი ერთმანეთთან დაკავშირებულია სპილენძის თამასით. მოწაფეები მას აწვდიან სითხეს, რომელსაც იგი ჭურჭელში ასხავს. პირველი ჭურჭლის გარშემო დგამენ 9 სანთელს, ექვსი მათგანი ანთებულია, სამი კი არ ანთია.  იღებს რა კვერთხს მარცხენა ხელში, გრძნეული მარჯვენა ხელით განსაკუთრებულ მოძრაობებს აკეთებს და წარმოთქვამს გაუგებარ სიტყვებს. იმავდროულად ოთხი მოწაფე, ორი მამაკაცი მარჯვნიდან და ორი ქალი მარცხნიდან ასრულებენ პასებს მცირე ჭურჭელზე. შესამჩნევია, ამავდროულად რამდენად სწრაფად კარგავენ ისინი ძალებს. მათ ეგრევე ცვლიან სხვა წყვილები. თანდათანობით დიდი ჭურჭელი იწყებს ნათებას შიგნიდან. იმ მომენტში, როდესაც ჩნდება ნათება, ინთება სამი ჩამქრალი სანთელი. ყოველ ჯერზე, როდესაც გრძნეულს კვერთხი მიაქვს ჭურჭელთან, ჩნდება ნაპერწკალი, თანაც ყოველ ჯერზე სულ უფრო კაშკაშა და კაშკაშა ხდება. სულ უფრო და უფრო მკვეთრად ანთია სანთლები და სიმბოლო ტრონზე. ცერემონიალი გრძელდება. გრძნეულის მოძრაობები ხდება სულ უფრო ენერგიული და დაძაბული. ხმაური ჭურჭლის შიგნით ძლიერდება და როდესაც აღწევს პიკს, ისმის საშინელი ტკაცანის ხმა ისმის აფეთქება.

ოთახი ეგრევე იძირება წყვიადში, შემდეგ ნელნელა ცოტათი ნათდება და უკანა კედელზე ჩნდება შავი გრძნეულის გამოქვაბულის ნაწილი, სადაც ის ზის თავის ტრონზე და კანკალებს კონვულსიებში. თეთრი მაგი აგრძელებს თავის მანიპულაციებს. კვლავ ხდება საშინელი აფეთქება, ისმის ექო, აღწევს გამჭოლავი სტვენითი ბგერები და ცხოველური ღრიალი. შავი მაგი კრუნჩხვებით ვარდება საკუთარი ტრონიდან. სცენაზე კვლავ სრული სიბნელეა და დგება მძიმე სიჩუმე, შემდეგ სინათლე ბრუნდება და გამოქვაბულის გამოსახულება ქრება“.

 

ამ რამდენიმე სცენაში, აღწერისას თითქოსდა კინო/ვიდეო პროექციას იყენებენ, ცალსახად თავად გურჯიევი აღწერს/იყენებს როგორც „ეკრანს“ უკანა კედელზე, სადაც პროექცია არის წარსულის რეტროსპექტივა, სავარაუდო მომავალი ან რეალური დროის ჩვენება სხვა ადგილიდან. მაგალითად რა ემართებოდა ზეინაბს მოჯადოების შემდეგ, რა ემართებოდა ბოროტ/შავ გრძნეულს და როგორ აჩვენებს ჯაფარს თავის შესაძლებელ ორ მომავალს.

ზეინაბის ეპიზოდში, სადაც უნდა წარმოსახონ თუ რა დაემართა მას, თეთრი გრძნეული ერთერთი მოწაფის დაჰიპნოზების გზით მისი გონების პროეცირებას გვთავაზობს უკანა კედელზე.

არის კიდევ ერთ-ერთი ფინალური ეპიზოდი სადაც გურჯიევი ჯაფარის მომავლის პროექციით ცდილობს იგი დიდი შეცდომისგან იხსნას, სიბრძნის გაზიარებით, ხოლო ბალეტი გარკვეული ჰიმნით/ლოცვით დაასრულოს:

„შემქმნელო-ღმერთო და ყველა მისო თანაშემწე, მოგვეცით ძალა, ყველა დროში გვახსოვდეს საკუთარი თავი, რათა თავიდან ავიცილოთ წინასწარ განუძრახელი ქმედებანი, რამეთუ მხოლოდ მათი საშუალებით შეუძლია სიბოროტემ გამოავლინოს საკუთარი თავი“.

ყველა მღერის: „დაე გაცხადდეს ფერიცვალების ძალა. გრძნეული კურთხევას აძლევს/ ლოცავს ორივე ხელით და ამბობს: „ დაე მუდამ თქვენთან იყოს თანხმობა, იმედი, სიბეჯითე და სამართლიანობა უკუნითა უკუნისამდე“

საკრალური ცეკვები, როგორც ვიცით ამ ბალეტისთვის იქმნებოდა, რამაც შემდგომში დამოუკიდებელი ნომრების სახით განაგრძო ცხოვრება, და რამდენადაც ბალეტი არასდროს არ განხორციელებულა საერთაშორისო ტურნეებში გურჯიევის მუსიკაზე შექმნილ სწორედაც რომ ამ საკრალურ ცეკვებსაც აჩვენებდნენ.

ცეკვების პირველ ჩვენებას გურჯიევი ბალეტში მეორე მოქმედების დროს იყენებს და ლიბრეტოში ცეკვების შესახებ ზოგად განმარტებასაც იძლევა:

„გრძნეული თანაშემწე რიგებს შორის გაივლის და მოწაფეებს პოზებს და მოძრაობებს უსწორებს“. ეს ჩანაწერი მბრუნავი დერვიშების სემა რიტუალში სულიერი მასწავლებელების ქმედებებს მაგონებს.


„ეს „წმინდა ცეკვები“ ითვლება კვლევის ერთერთ მთავარ ობიექტად აღმოსავლეთის ყველა ეზოთერულ სკოლებში, როგორც უძველეს დროს ასევე დღეს. მოძრაობები რომლისგანაც შედგება ეს ცეკვები, გააჩნიათ ორმაგი მიზანი - ისინი შეიცავენ და გამოხატავენ გარკვეულ ცოდნას, იმავდროულად ემსახურებიან რა ყოფის ჰარმონიული მდგომარეობის მიღწევის მეთოდს. ამ მოძრაობათა  კომბინაციები გამოხატავენ სხვადსხვა/განსხვავებული შეგრძნებებს, ბადებენ აზრთა კონცენტრაციათა სხვადსხვა/განსხვავებულ დონეებს, ქმნიან აუცილებელ ძალისხმევას სხვადასხვა მოღვაწეობასა და წარმოადგენენ პირადი ძალის შესაძლებელ ზღვრებს“.

ლიბრეტოში მოყვანილი ამ ტექსტით გურჯიევის ცეკვის კონცეპტუალურ მნიშვნელობაზე საუბრობს, როგორც სულიერი პრაქტიკის განვითარების ინსტრუმენტზე და მის ისტორიულ ხანგრძლივ გამოყენებაზე. თუმცა ხაზს უსვამს რა აღმოსავლურ ტრადიციას, უნდა ითქვას რომ ევროპულ პითაგორისეულ გამოცდილებაშიც არანაკლები ადგილი ეკავა. ზოგიერთი მკვლევარები იმასაც ფიქრობენ რომ აღმოსავლური სკოლები სწორედ პითაგორას დაესესხნენ, რომელიც თავად კიდევ უფრო ძველ ტრადიციებს ავითარებდა.

აღსანიშნავია რომ დღემდე გურჯიევის საკრალური ცეკვების მონაწილეები იყენებენ ლიბრეტოში დეტალურად აღწერილ ჩაცმულობას:

„ისინი არიან ტანადი, ლამაზი სასიამოვნო, გარეგნობის ახალგაზრდები. მათ აცვიათ თეთრი ტუნიკები, ქალებს გრძელი, მამაკაცებს მუხლებამდე. ფეხებზე სანდლები. ქალები სწორად დავარცხნილები, ოქროსფერი ზონრებით შეკრული თმებით, მამაკაცებს კი ვერცხლისფერი ზონრებით აქვთ შეკრული თმა. ყველას წელზე შემოხვეული აქვთ შარფები - ქალიშვილებს ნარინჯისფერი და წითელი; მამაკაცებს - მწვანე, მუქი-ლურჯი და ცისფერი (მოქმედება ორი, სცენა პირველი)“.

არის კიდევ ერთი საინტერესო თემა ქართულ კულტურასთან მიმართებაში, კერძოდ კი ზაქარია ფალიაშვილის ოპერასთან „აბესალომ და ეთერი“. ამ ოპერის და ბალეტის პირდაპირი გამაერთიანებელი ალექსანდრე ზალცმანი იყო, რადგანაც ორივეს მხატვარი სწორედ იგი გახლდათ, ორივე ამბის საფუძველი ეზოტერულ ზღაპრულია, სიყვარულის და მოჯადოების გამოყენებით, ქართულ ოპერაში არაჩველებრივადაა წარმოდგენილი განსაკუთრებით უვერტიურაში სუფიური მუსიკის მთელი დიდებულება, ოპერა ტრაგიკულად სრულდება, გურჯიევის ლიბრეტოს შენარჩუნებული ზღაპრის პრინციპი კეთილი დასასრულისა. ამჯერად ამ მოკლე აბზაცით შემოვიფარგლები, რადგანაც დამატებით კვლევას მოითხოვს ამ გარეგნული დაკვირვებების მიღმა უფრო სიღრმისეული დასკვნები მაგრამ ცალსახაა, რომ ზალცმანის წყალობის გურჯიევის, ფალიაშვილის ჰარტმანის გზები უნდა გადაკვეთილიყო. ოპერის პრემიერაც გურჯიევის თბილისში ყოფნას ემთხვევა და ახლა ძნელია ვისაუბროთ ვინ ვისი შთაგონების წყარო იყო. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ფალიაშვილი ამ ლიბრეტოზე 1908 წლიდან მუშაობდა და გურჯიევის ბალეტზეც უკვე 1916 წლის საგაზეთო პუბლიკაციებში მოიხსენიებდნენ.

წარმოდგენილი ტექსტი პირველი  ქართული თარგმანის პირველი მცდელობაა, იმედია იგი საინტერესო იქნება როგორც თეატრალური ასევე ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

 

ლევან ხეთაგური



[1] ამ წერილი სრული ვარიანტი იხილეთ წიგნში: გიორგი გურჯიევი, გრძნეულთა ბრძოლა, თბილისი, ARI PRESS, 2019 წელი

[2] პეტრე უსპენსკი, 1878-1947, ცნობილი ინტელექტუალი, მისტიკოსი, გურჯიევის ერთერთი მნიშვნელოვანი მოსწავლე, მიმდევარი, თანამოაზრე და თანაავტორი

[3] ამის შესახებ ჯონ ბენეტიც საუბრობს თავის წიგნში „გურჯიევი, გზა ახალი მსოფლიოსკენ“

[4] მუში - ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში

[5] პასები - ნელი მოძრაობები ადამიანის ჰიპნოზში შესაყვანად