როგორ ხდებიან
თეატრები ლიდერები

ლიდერობას ობიექტური ფაქტორები განაპირობებს, კერძოდ:
-
მრავალფეროვნება;
-
ხარისხი;
-
ნიჭიერება (მოდურად კრეატიულობა).
არ ვიცი რას წყვეტენ საეჭვო შემადგენლობის კომისიები,
მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ მუსიკისა და დრამის თეატრი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან
დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის
შემოქმედებაზე და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს შერეული
ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები განაპირობებს იმას, რომ დღეს ეს თეატრი ინარჩუნებს
ლიდერის პოზიციებს - წამყვანი სასცენო აზროვნების სარბიელზე, რამაც დღევანდელმა საღამომაც
დამარწმუნა (19 ნოემბერი) ”ბალიშის კაცუნას” ხილვის შემდეგ.
ბოლო წლებში ჩემთვის სეზონის საუკეთესო სპექტაკლებს
შორისაა მიყოლებით: ”ზაფხულის ღამის სიზმარი”, ”მედეა”, ”ფსკერზე” და ახლა უკვე ”ბალიშის კაცუნა”.
კრიტიკოსობა თუ
ანალიტიკოსობა

დღეს თეატრმცოდნეობა აღარაა ”კრიტიკოსობა”, ”გაკრიტიკება”
საკუთარი ადგილის დამკვიდრება სხვისი ლანძღვით,
ანდა ქება გამორჩენისთვის ან გარიგებისთვის. ეს კომუნისტური (ან ზოგადად უტილიტარული
საზოგადოების) მიდგომებია, ისტორიის სანაგვიდან ამოჩხრეკილი მაკულატურა.

მარტინ მაკდონა (პირადად მე მაკდონაჰს ვარჩევდი)
როგორც ჩემთვისაა ცნობილი მაკდონას დრამატურგია პირველადაა წარმოდგენილი ქართულ
სცენაზე. მაკდონა ავტორია რომელიც ცნობილია,
როგორც დრამატურგი, კინო რეჟისორი, პროდიუსერი, ტონისა და ოსკარის პრემიების მფლობელი.
იგი ის ცოცხალი დრამატურგია რომლის ფესტივალებსაც ატარებენ. მისი დრამატურგია ძალიან
ჰგავს კინო ნარატივს, გვთავაზობს სიტუაციათა სწრაფ ცვლას, დეტექტივურ განვითარებას,
ჩახლართულ ინტრიგას. იგი წარმოშობით ირლანდიელია, ბრიტანეთის მოქალაქეა და ბრიტანული
ხელწერითაც გამოირჩევა. პიესა ”ბალიშის კაცუნა”
( Pillow men) 2003 წელსაა დაწერილი.
ბალიშის კაცუნა
თეატრის გადაწყვეტილება, რომ ეს წარმოდგენა 18.00 სთ-ზე
დაეწყოთ სწორია. თეატრი ზრუნავს მაყურებელზე
და არა მხოლოდ თავის ამბიციებზე, რომ სამნახევარსაათიანი წარმოდგენა გაჩვენოს, და შენც
არ დაგტოვოს ღამის თევით თეატრის შენობაში.
სპექტაკლის რამოდენიმე კომპონენტი საჭიროებს განსაკუთრებული
ყურადღების გამახვილებას: სცენოგრაფია, მულტიმედია,
მუსიკალური გაფორმება და მსახიობთა შესრულება, რასაკვირველია რეჟისორის სრული ორკესტრირებით.
მაკდონას ეს პიესა შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ძალიან
შორსაა ჩვენი რეალობიდან, ჩვენთან ხომ ყველაზე მზრუნველი მშობლები, ჰუმანური მწერლები
და გამომძიებლები არიან, მაგრამ თუ ახალ ამბებს გავიხსენებთ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენთანაც
ხოცავენ შვილები მშობლებს, მშობლებიც ხოცავენ შვილებს, ხდება ინცესტი და ა.შ. გამუდმებით
საკუთარი გამორჩეულობის ძიებაში დაგვავიწყდა, რომ პარალელურად ყველა იმ ”დანარჩენებსაც”
ვგავართ ამ მსოფლიოში.


მუსიკალურმა თემამ ყველა დედ-მამამ და ყველა ძმამ, 1998 წელს ლონდონის ლირიკ ჰამერსმიტის თეატრში ნანახი Shockheaded Peter გამახსენა, სადაც The Tiger Lilies მონაწილეობდა ცოცხალი შესრულებით (https://www.youtube.com/watch?v=XYS7-P2Vg1Q). არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელმაც 1998 წელს პრემია საუკეთესო რეჟისურაში მიიღო, და მომდევნო წლებშიც (გარდა იმისა რომ არაერთხელ აღადგინეს) ინარჩუნებდა წამყვან პოზიციებს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში სიმღერებით გვიყვებოდნენ საზარელ ისტორიებს (https://www.youtube.com/watch?v=IryK6ZiQEmo), სადაც ურჩი და გაუგონარი ბავშვები სასტიკად ისჯებოდნენ - საშინელებათა ფილმს მოგაგონებდათ, მაგრამ ეს საკმაოდ გონებამახვილურად, თოჯინების თეატრისა და სხვდასხვა შერეული ფორმების გამოყენებით, გროტესკული მაკიაჟითა და მომღერალთა გამომწვევი იმიჯებით, სამსართულიანი სათამაშო სახლის სართულებზე განაწილებული პერსონაჟებით ძალიან სასაცილო იყო. ჩემმა ინგლისელმა მეგობრებმა ამიხსნეს რომ ბრიტალელ ბავშვებს ასეთ მოთხრობებზე ზრდიდნენ და ძალიან მოსწონდათ. სპექტაკლს საფუძვლად ჰოფმანის 1848 წელს გერმანიაში გამოცემული მოთხრობები ედო. ბრიტანეთში უყვართ გოთური რომანები. სწორედ ამიტომ მგონია მაკონა ბრიტანული კულტურული ტრადიციების გამგრძელებელი. მაკონას მთავარი პერსონაჟიც მწერალი კატურიენიც (კახა კინურაშვილი), შეიძლება ითქვას გოთური რომანების გავლენით სასტიკ მოთხრობებს წერს. ასე წარმოადგენენ მას გამომძიებლები ტუპოლსკი (დავით ბეშიტაშვილი) და არიელი (დევი ბიბილეიშვილი). ხანდახან შეიძლება იფიქრო ეს არიელი ”ქარიშხალის” გამოძახილი და მათი დუეტი პროსპერო-არიელის ტანდემი ხომ არ არისო. კატურიენის მოთხრობებში ბავშვები კვდებიან ან კლავენ. გამომძიებლები მას ბავშვების მკვლელობებში ადანაშაულებენ.
ბავშვობის შედეგები

მაკდონას მთავარი გმირი ნიჭიერი მწერალი წერს თავის
მოთხრობებს, სადაც ბავშვები იღუპებიან, კვდებიან, კლავენ, ასახიჩრებენ. მაგრამ თუ უკეთ
ჩავუღრმავდებით დავინახავთ, რომ ბავშვების დასახიჩრება მშობლების და გარემო მყოფი უფროსების
მიერ ხდება. გარემო ასახიჩრებს ბავშვებს და შემდეგ ეს ბავშვები ასახიჩრებენ უფროსებს,
კლავენ, აბარებენ მოხუცებულთა თავშესაფარებში, ძარცვავენ, ტოვებენ უმწეოდ და ა.შ. ეს
შეკრული წრეა. ყველა-დედა და ყველა მამა იღებს იმას, რასაც დასთესს ყველა შვილთან.
ბრიტანული პიესა საკაცობრიო პრობლემებზეა და შეკრულ
წრეზე საუბრობს, რაც ამ სპექტაკლში ქართულ პრობლემადაც გამოჩნდა - ტრავმირებული ბავშვები
და უფროსები.
მრავალფეროვნება
ხერხებში

მუსიკალური რიგი როგორც ფონოგრამით ასევე ცოცხალი შესრულებით,
ფიზიკური თეატრის ინტერვენციები (ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე) კლასიკურ ნარატიულ დრამატურგიაში
სრულად იძენს პოსტ დრამატული თეატრისთვის დამახასიათებელ ფორმებს. მუსიკა ზუსტადაა
მორგებული ემოციური სცენების კულმინაციამდე მისაყვანად, რაც წარმოდგენას კიდევ უფრო
აახლოვებს კინოთხრობის ხერხებთან. პერსონაჟები ერთმანეთში იცვლებიან, ერთმანეთის სახეებს
ირგებენ. განსაკუთრებით ”გოგონა იესოს” ისტორიაში, რომელსაც თავად კატურიენიც თავის
საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევს. ისტორიის ბოლოს გოგონა, არიელი, ყოველი- შვილი ყველა
ჯვარცმულია, პიეტის მიზანსცენასავით ერთმანეთს გადაისვენებენ მკლავებში. ყველა იესოა,
იესოსავით უარყოფილი, ჯვარზე გაკრული - საზოგადოებისგან მოტყუებული და გარიყული.
რეჟისორის ინტერესი
დოიაშვილის შემოქმედებას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ ერთის მხრივ მისი ინტერესი კლასიკური
დრამატურგიისადმი თუ კლასიკოსი ავტორების მიმართ ასევე ცალსახად დაკავშირებულია შემოქმედებითი
პროცესის, შემოქმედებითი ფანტაზიის კვლევასთან.
ჯერ კიდევ აკუტაგავას პირველი რედაქციიდან მოყოლებული მას აინტერესებდა ხელოვანი და
მის მიერ მხატვრული ნაწარმოების შექნის პროცესი. ვინაა ხელოვანი: ფსიქოლოგი, დეტექტივი,
მკვლევარი, მარტოსული და სამყაროს მოქალაქე. მხატვრული პროცესის ნაწილია მისი შეთხზული
პერსონაჟების განსხეულება, სიმბოლოებად და მეტაფორებად ქცევა, სამყაროში საკუთარი ხატებების
გაცოცხლება. არც ეს სპექტალია გამონაკლისი. დოიაშვილის კვლევის ობიექტი აქაც ხელოვანი
და მისი შემოქმედებითი პროცესია. შექმნილი ხელოვნების ავტორის მიერ, მაყურებლამდე, მკითხველამდე მიტანისთვის თავგანწირვა.
სიკვდილი იმისთვის რომ საკუთარ ნაწარმოებებში შეიძინო უკვდავება. კატურიენის თავგანწირვას
საკუთარი შემოქმედების გადარჩენაა, იმედით რომ მან შეიძლება სხვებიც გადაარჩინოს. მოკლა
იმიტომ რომ გაანთავისუფლო...
შესრულება

ბალიშებივით საპნის ქაფში ჩაფლული ძმები ”ბალიშის კაცუნები”. როგორც ცუდი და კარგი პოლიციელი, ცუდი და კარგი ბალიშის კაცუნები. რაღაც მომენტში ბუთხუზი თითქოსდა ბოროტი დემონით შეპყრობილი პერსონაჟია, მისი მეტყველება, ხრიალი ავი სულით შეპყრობილ ადამიანს ჰგავს, თუმცა ამავდროულად მოსიყვარულე ძმაცაა, მშობლების მიერ ნაწამები ბავშვი, რომელიც გონებრივ განვითარებაში ჩამორჩება და საკუთარი ძმის ხელით მოკვდება - გასათავისუფლებლად.
სიკვდილი - თავისუფლება
მაკდონა ამ თემას ფრთხილად გვაპარებს. მისი პერსონაჟის
- მწერლისთვის ბავშვების სიკვდილი განთავისუფლებაა, მშობლების მოკვლა სასჯელი და ა.შ.
სიკვდილი-თავისუფლების კონცეფცია რთულია, შეიძლება ითქვას ფილოსოფიური, რწმენითი საკითხი. ბრიტანულ კულტურაში
ჰამლეტის შეკითხვაც ”ყოფნა, არ ყოფნა” სიკვდილის არჩევანთანაა დაკავშირებული, არჩევანთან
რომელმაც შეიძლება შექმნას სიტუაცია, როდესაც
ცხოვრების გარემო ვითარებები გიბიძგებს სიკვდილში ეძიო გამოსავალი. მწერლის მიერ ბავშვების
მკვლელობები ნაწარმოებებში არა ავტორის პათოლოგიური, სადისტური გადახრებია, არამედ მის მიერ ამ ეტაპზე დანახული
ერთადერთი გზა იმ სირთულეებისგან თავდასაცავად რაც ჩვენს გარშემოა. რამდენიც არ უნდა
ვილაპარაკოთ ჩვენც უკვე კაპიტალისტური სასტიკი სამყაროს ნაწილი ვართ, თუმცა იმ სამყაროსი,
სადაც სისასტიკე ყოველთვის არსებობდა.
თეატრი-თეატრში
ეს ხერხი მკრთალად, მაგრამ მაინც სერიოზულად არსებობს
სპექტაკლში. რამოდენიმე ადგილას, მათ შორის ფინალშიც მსახიობები ცდილობენ გაუცხოვდნენ
საკუთარ პერსონაჟებთან. დაგვანახონ თეატრი ცხოვრებაში და ცხოვრება თეატრში. ამ ხერხს
მაკდონა ანვითარებს როდესაც ფინალში მოკლული კატურიანი დგება და აგრძელებს ფინალური
ტექსტის წარმოთქმას, და თავისი პერსონაჟის გვერდიდან ცქერას - გაუცხოვებას.
ფინალი - სახელმწიფო მანქანა , ისტებლიშმენტი გარეგნულად
იცავს ბავშვებს, მშობლებს, ხალხს. მაგრამ ამ პირობით - დაცვის მომიზებებით იოლად კლავს
ნიჭიერ ”უდანაშაულო” ადამიანს. იოლად ამბობს უარს იმ ხალხზე, ვინც სხვანაირად ხედავს.
სახელმწიფოს კანონი არ ცნობს გამონაკლისს,
რადგანაც სახელმწიფო - ბალიშის კაცუნა ვერ იქნება, სახელმწიფოს ბალიშები არ ჭირდება.
სპექტაკლი ისეთ პროცესებს წარმოაჩენს, რომელშიც აღმოვჩნდით
უნებლიედ მთელი საზოგადოება ყველგან. ”მშობლების” მიერ ტრამვირებული ”ბავშვები” დღეს
ისტებლიშმენტის სადავეებს იღებენ ხელში ბალიშების გარეშე.
ლევან ხეთაგური
19-20 ნოემბერი