უფროსი მეგობარი, ერთერთი მნიშვნელოვანი რეჟისორი და
პედაგოგი, პიროვნება.
იგი იმ მნიშვნელოვან ხელოვანთა შორისაა, ვის სახელთანაცაა
დაკავშირებული ახალი თეატრების შექმნა.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ თეატრში მხოლოდ მიხეილ
თუმანიშვილმა კონომსახიობთა თეატრის შექმნით და მოგვიანებით გიზო ჟორდანიამ რუსთაველის
თეატრის მცირე სცენის დასის შქმნით შეცვალა და განავითარა ქართული თეატრი.
იგი იმ განსაკუთრებულ
რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელმაც დატოვა მსახიობთა თაობები, რომელიც დღემდე
ქმნის ქართული თეატრის თვითმყოფად და განუმეორებელ ატმოსფეროს.
იგი ის პიროვნება იყო, რომლის წასვლის შემდეგაც ხვდები,
რომ რაღაც დაგაკლდება და დაწერა მოგინდება,
არა დავალებით, არამედ საკუთარი მოთხოვნილებით.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენის დასმა, რომელიც მანამდე
თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრის პირველი დასი იყო, ქართულ თეატრს შესძინა განუმეორებელ
მსახიობთა ანსამბლი, რომელმაც შექმნა 80-90-იანი წლების ახალი ქართული თეატრის ისტორია
და დღესაც განაპირობებს XXI საუკუნესაც.
ბატონი გიზო გამორჩეული პიროვნება იყო, მახვილგონიერი,
იუმორითა და სიცოცხლისუნარიანობით აღსავსე. მასთან ერთად არა მხოლოდ თეატრალურ ინსტიტუტში
მიწევდა ურთიერთობა, არამედ საზღვარგარეთაც გვიხდებოდა ხშირად ყოფნა. ეს მგზავრობები
განსაკუთრებულად მახსენდება.
იგი როგორც რეჟისორი გამოირჩეოდა განსაკუთრებული იუმორით
და ამავე დროს ტრაგიკული სევდით. თავის სპექტაკლებში ის საუბრობდა ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებებზე, ადამიანურ ფასეულობებზე და ზნეობრივ საკითხებზე (”ანა ფრანკი”, ”სამანიშვილის
დედინაცვალი” ”ამაღამ მგონი იქნება ქარი”). მის შემოქმედებაში ჩემთვის მრავალ სპექტაკლს
შორის განსაკუთრებულ ადგილს მაინც ”ჰამლეტი” (რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაიდგა
90-91 წლის სეზონში) იკავებს. სპექტაკლი, სადაც რეჟისორის შემოქმედებითი ინტუიციის
და არქეტიპული აზროვნების შედეგად იწინასწარმეტყველა
საქართველოს მომავალი დეკადები (საძმოები, სისხლი, ღალატი და მრავალი სხვა რამ). ეს
სპექტაკლი უნებურად გვიყვებოდა მომავალზე. ამ სპექტაკლში განსაკუთრებულად წარმოჩინდნენ
ჟორდანიას მიერ აღზრდილი მსახიობები: მერაბ ნინიძე, გოჩა კაპანაძე, ნანუკა ხუსკიცაძე,
ქეთი ჩხეიძე, ნინო თარხან-მოურავი, ლევან ბერიკაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე და მრავალი
სხვა.
ბატონი გიზოს გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული
თეატრისთვის, ქართული სათეატრო პედაგოგიკისთვის, მისი მეგობრებისთვის, მოსწავლეებისთვის
და საერთოდ საქართველოს მაყურებლისთვის.
ლევან ხეთაგური
19 ნოემბერი, თბილისი
No comments:
Post a Comment