Thursday, May 20, 2021

მანიფესტი - ზედროულ თეატრზე

 

ლევან ხეთაგური

მანიფესტი - ზედროულ თეატრზე

ხედვით კითხვა - სმენით კითხვა

კითხვის უძველესი ფორმა ხედვა და სმენაა, ასევე შეგრძნებაა... ეს არის ჩვენი აღქმის მეხსიერების საფუძველი - ამიტომაც შეიქმნა თეატრი დაფარული რიტუალიდან ყველასთვის საყურებლად და სასმენლად.

თეატრზე მსჯელობისას მისი ზედროული - მისი ისტორიის ერთიანი ხედვის გარეშე ძალიან რთულია, ყოველი ათასწლეული და ასწლეული, მისი ყოველი დეკადა და წამი, ერთმანეთთან ცნობიერად და ქვეცნობიერადაა დაკავშირებული. მისი შინაგანი ლიგიკა, ეზოთერიზმი და ალქიმია ცდება დროს და ზე-გეოგრაფიულია; კონტინენტები და ცივილაზიები, ერების მიხედვით ქმნიან ერთიან, საერთო ლოგიკისა და შინაგანი წესების მქონე უნიკალურ, მრავალფეროვან და ამავე დროს ერთი ლოგიკის მქონე სათეატრო კულტურას, ხელოვნებას, რომელიც ზე-ეთნიკურია, მის ცენტრში ყოველთვის ადამიანია, და ის საცქერი და სასმენია.

სადაც არ უნდა ვუყურუ თეატრს ევროპაში თუ აზიაში, აფრიკაში თუ ამერიკაში, ყოველი მსახიობის მიღმა შორეული ისტორილი წინაპარია - შამანისა და ქურუმის სახით, ყოველი მსახიობის მიღმაა მისი სართო წინაპარი ჯამბაზი და ტრაგიკოსი; მისი სახის მიღმა სფინქსის საუკუნოვანი მზერასავითაა ზღვარი საიქიოსა და სააქაოს შორის, ისევე როგორც მარადიულობა. მისი სახის მიღმაა გაერთიანებული ყველა ნიღაბი: თეთრი და ფერადი, თიხის და ხის.

მისი მეტყველების მიღმაა მსოფლიო ენები, რა ენაზეც არ უნდა საუბრობდეს მსახიობი ის ყველასთვის გასაგებია, რადგანაც უნივერსალურია. მსახიობის ენა თითქოსდა ბაბილონის ენაა, რომელზეც საუბრობდა მთელი მსოფლიო ღმერთის მიერ დასჯამდე, ზე-ენა, წინარე ენა, მეტა-ენა.

მისი სხეული სამყაროს რიტმი და გეომეტრიაა, ის მოძრაობს ნელა, როგორც დრო და სწრაფად როგორც ერთი ადამიანის სიცოცხლე.

მის მიერ შექმნილი სათეატრო ამბავი/წარმოდგენა შეიძლება კვდებოდეს ყოველ საღამოს მაგრამ მკვდრეთით აღდგებოდეს მეორე დღეს. ისევე როგორც ძილ ღვიძილი.

მსახიობი თავისი არსით მედიუმია, ის უთმობს ნებაყოფლობით თავის სხეულს ასობით სულებს, თავისი ამბების, გამოცდილების გადმოსაცემად, რათა იქცეს მითად ან მოდელად, პარადიგმად ან მატრიცად. ეს მედიუმი ცდილობს დაგვანახოს ამ ამბების მიღმა კოსმიური კანონზომიერებანი, გზა აბსოლუტისკენ.

მსახიობი-მედიუმის ამბები წარსულით წინასწარმეყველებაა მომავლის.

მსახიობი-მედიუმი გვასწავლის სიკეთის და სიბოროტის გარჩევას, თითქოსდა სამოთხის ვაშლის გასინჯვას გვთავაზობდეს ყოველ საღამოს სცენიდან.

თეატრის წმინდა სცენა საკრალური ადგილია, რომელსაც იცავს ოთხი სტიქია, ადგილია სადაც წარსული და მომავალი თანაარსებობენ, სადაც ზღვარია საიქიოსა და სააქაოს შორის.

სცენა ჩვენი სიკეთის და სიბოროტის ზედროული სარკეა.

ჭეშმარიტი თეატრი, საკრალური ისტორის და ტრადიციის მსგავსად ზედროულია, მას არა აქვს ეთნიკურობა, ადგილმდებარეობა, ის არ ეკუთვნის ვინმე ერთს, ის კოსმოსის და ყველა ადამიანის საკუთრებაა, ვინც ხედავს და ვერ ხედავს, ვისაც ესმის და არ ესმის, ვინც მეტყველებს და ვინც დუმს.

თეატრის საკრალური ტრადიციის ბურჯია, რომლის გარეშეც როგორც ჩანს კაცობრიობა არასდროს არ არსებობდა ის ყოველთვის იყო მასთან ერთად, მაშინაც კი თუკი კატასტროფა შეაჩერებდა ელექტროენერგიას, შეწყვეტდა საღებავების წარმოებას, გააჩერებდა ყველაფერს, მოთამაშე ადამიანი მაინც იქნებოდა.

ეს სამყარო მოთამაშე ადამიანის სამყაროა, სადაც ეს ადამიანი თავად ღმერთმა შექმნა თავის სათამაშოდ და ამბები/მითების/ისტორიების გასათამაშებლად...

 

26.10.2020

No comments:

Post a Comment