Sunday, January 14, 2024

ქართული თეატრი და შექსპირთან დიალოგი

 

ქართული თეატრი და შექსპირთან დიალოგი

 

არ მახსოვს ქართული თეატრის დღე შექსპირით თუ შეხვედრია, თუმცა ერისთავითაც დიდი ხანია არ შეხვედრია. იკითხავთ, რატომ შექსპირი? ალბათ ჩვენი თეატრალური საზოგადოება იმიტომ, რომ ვერცერთ სხვა ავტორს ვერ დავასახელებთ, რომელიც ასე გაქართულებულიყო, ასე მორგებოდა ეროვნულ თეატრს.

შექსპირის დრამატურგია საქართველოში პირდაპირ ყოველგვარი კუპიურების გარეშე დაიწყო. მისი დადგმების ისტორია იმდენად ხშირი იყო და არის დღემდე, რომ პრაქტიკულად ნაციონალური დრამატურგიის რანგშია აყვანილი. ამას ხელს უწყობს თარგმანების ისტორია და უნიკალური ხარისხიც, რაც XIX საუკუნეში იყო დაწყებული.

ქართული თეატრი თავიდან ჯერ ცოცხალ სურათებს დგამდა შექსპირის მიხედვით, სხვათა შორის „მეფე ლირი“ იყო ერთერთი პირველი ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით, შემდეგ კი უკვე თეატრი და ვარსკვლავი მსახიობები არ დარჩენილა რომ არ ქონოდა მასთან შეხება.

 

შექსპირის ისტორია ქართულ თეატრში  ძალიან ჰგავს მეოცე საუკუნის ბრიტანულ თეატრს. საქართველოში თითქმის ყველა რეჟისორი და მსახიობი ცდილობს შექსპირის საშუალებით ისაუბროს და გამოეხმაუროს, საბჭოთა სოც რეალიზმს, გარდამავალ ეპოქებს, რუსეთის აგრესიებს და ა.შ. შექსპირით საუბარი სამყაროსთან,  თანამოქალაქეებთან და მსოფლიო აუდიტორიასთან / რადგან მსოფლიო თეატრალურ ცხოვრებაში ქართული თეატრს სწორედ შექსპირი წარმოადგენდა/ ტრადიციად იქცა. ქართული თეატრი დღეს /მეოცე საუკუნის ბლოდან/ უკვე თარგმანების ახალ რედაქციებსაც უკვეთავს, სადაც თარგმანს აახლოევებს მოსალოდნელ სადადგმო ინტერესებამდე, რაც მსოფლიო ტენდენციების ნაწილიცაა.  

 

შექსპირი, რომელიც მსოფლიო თეატრში უცვლელი ავტორია და არა იმიტომ, რომ თეატრებს საავტორო უფლების გაფორმება არ ჭირდება, არც იმიტომ, რომ ავტორი და მემკვიდრეები ვერ დაიცავენ ტექსტებს „დამახინჯებისგან“. ბევრი სხვაც გვყავს უფასო  კლასიკოსები, მაგრამ ვერ პაექრობენ შექსპირის პოპულარობასთან, რადგან მისი ტექსტები „ცოცხალია“ - ის თეატრის „კაცია“[1]

მრავლად იმასაც წაიკითხავთ, რომ შექსპირს არცერთი სიუჟეტი არ მოუფიქრებიაო, სიმართლეა!

მაგრამ რატომღაც იმაზე უკეთესი გამოსდიოდა ყოველთვის ვიდრე პირველწყაროები იყო და ჩაიკარგა ისტორიაში. იმიტომ რომ შექსპირი თეატრის ადამიანი იყო. იმიტომ რომ მის მიერ შემნილი ტექსტები თავად მის დროშივე იყო მოქნილი ცვლილებებისთვის, რასაც ის თავად აკეთებდა თეატრის შიდა გასტროლების დროს თუ სხავადასხვა დაკვეთებისას კერძო მიწვევების დროს. ამას კიდევ მივუბრუნდები.

დღეს რატომღაც შექსპირის ერთერთი ყველაზე ცნობილი, ტრაგიკული პიესის „მეფე ლირის“ ერთერთი ბოლო ფრაზა გამახსენდა:

“Pray you undo this botton” /გევედრები/გემუდარები ეს ღილი შემიხსენი/, მანამდე ამბობს ვეღარ ვსუნთქავო; ეს სცენაა როდესაც თავის გარდაცვლილ ქალიშვილს ხედავს და მსახურს ევედრება; ვიგუდები, ჰაერი არ მყოფნის, ეს ღილი შემიხსენიო! როდესაც სტურუას ინტერპრეტაციის დროს ლირი-რამაზ ჩხიკვაძე გარდაცვლილ კორდელიას თხოვდა ამის გაკეთებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ემფათიას და ტრაგიკულობას და ასრულებდა ამ სპექტაკლს კატაკლიზმებით დანგრეული სამყაროს ფონზე.

პოსტ სტურუასეული ლირის დადგმებს ქართულ მარათონშო 90-იან წლებში დავით დოიაშვილი - ოთარ მეღვინეთუხუცესის „ლირი მახსენდება /როგორც მამების და „ჰიპების“ თაობის კონფლიქტი - სიყვარული - სიყვარულია; მტკიცების, ბვევრი განსჯის და სიტყვების  გარეშე/, სადაც დრო თითქოსდა არ იყო დაკონკრეტებული, ფერადიც იყო და თაობის მანიფესტს ჰგავდა.



შემდეგ როგორც მახსოვს „ლირთან“ მიმართებაში გარკვეული პაუზა დაგვიდგა - ხელისუფლებაში მამები შვილებმა შეცვალეს და ბოლო დეკადებში თუ არ მეშლება სამჯერ მიუბრუნდა ამ ტექსტს ქართული თეატრი.

ზურა გეწაძე- ზურა ყიფშიძის ინტერპრეტაცია ჯერ თუმანიშვილის თეატრში, ამჯერად კი უკვე დამოუკიდებელ პროექტად აგრძელებს ცხოვრებას, სადაც ისტორიული გამომსახველობით და ვარსკვლავური შესრულებით გვიყვებოდნენ „თავნებობის“ ამბავს, მოვლენათა სწორედ ვერ შეფასების ტრაგედიას. თვით დაჯერებულობიდან ქვეყნის კეთილდღეობის მაგივრად ქვეყნის დანგრევამდე...


და შარშან /2023 წელს/ დავით დოიაშვილი კვლავ მიუბრუნდა უკვე ახალ თეატრში, თავის შემოქმედებაში მეორედ XXI-ე საუკუნეში, ამჯერად ლირი - დავით ბეშიტაიშვილი. აქ დრო თანამედოვეა, გაპიარებული სამეფო ოჯახი, ვიდეო სტრიმები, ღამის კლუბებით და დრაგქვინებით, ნარკოტიკებით გაბრუებული შთამომავლებით. უმანკო და მანკიერი შვილები, ნაბიჭვრები /როგორ უყვარდა შექსპირს ასეთი პერსონაჟების გამოყვანა[2]/, მაგრამ დრო, როდესაც ქვეყანას /სამყაროს/ ნაბიჭვრები მართავენ, ნაბიჭვრებისთვის დამდგარი დრო /სპექტაკლის ციტირების მიხედით - არაჩვეულებრივად ზუსტად აქცენტირებული - მსახიობ გივი ბარათაშვილის მიერ/. ეს ისეთი დროა რომელიც ყოველთვის აწუხებს შექსპირს - ღირებულებათა ნგრევა, ღირებულებათა გადაფასება, ღირებულებათა არასწორი ინტერპრეტაცია; ესაა შექსპირისთვის ნაბიჭვრების დრო, ესაა შექსპირის 66-ე სონეტი. ესაა შექსპირის შემოქმედების უკვდავების მიზეზიც. ჩვენ   ყოველთვის პერიოდულად ვხდებით ნაბიჭვრების დროის მომსწრენი, როცა იტყუებიან, ცილს წამებენ, ომობენ, ხალხა კლავენ, თელავენ სამართალს და ამკვიდრებენ უსამართლობას, ღალატობენ და სიტყვას ტეხენ და ა.შ. და ა.შ. და დაუსრულებლად ანგრევენ ჰარმოანიის შექმნის მცდელობას სამყაროში.


შექსპირის გენიალურობა ყოველ წელს თავიდან გვასწავლის როგორც ცხოვრებას, ასევე თეატრის კეთებასაც. ღირებულებათა პატივისცემას და იმ მრავალ პრობლემას აცოცხლებს ჩვენს დასაფიქრებლად, რაც ჩვენ სდროშიც არის.

სერ ლორენს ოლივიემ 1986 წელს ლირის შესრულების შემდეგ თქვა:“ როდესაც გაქვს ამის შესრულების ძალა, ძალიან ახალგაზრდა ხარ, როდესაც გაქვს ამის ასაკი, ბებერი ხარ. ეს ხომ bagger [3]- ია, არა?“[4]

ლირის როლი პირველად შეასრულა შექსპირის წამყვანმა მსახიობმა რიჩარდ ბერბიჯმა /Richard Burbage/ ვინც ასევე პირველმა შეასრულა ჰამლეტი, ოტელო და ა.შ /საერთოდ შექსპირის დრამატურგიული პერსონაჟები ბერდებოდნენ/იზრდებოდნენ თავისი დასის მსახიობებთან ერთად რეალურ დროში, შექსპირი მათთვის წერდა კონკრეტული ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინებით - ამიტომ იყო ის თეატრის ადამიანი/, რომლის ამ როლის შესრულებას ადარებდნენ ევერესტის დალაშქვრას.

ყველაფრის დაკარგვის, გონების დაბინდების და საღი აზროვნების დაბრუნების შემდეგ ლირი ხედავს საყვარელ ქალიშვილს მკვდარს. ასეთ ამბავს გვთავაზობს შექსპირი. Sir Robert Stephens, Sir Jan KcKellan, Sir Niged Hanthorn, Sir Ian Holm - ეს ის უდუდესი ბრიტანელი მსახიობები არიან სხვათა შორის რომლებმაც პერსონაჟის ტექსტისეულ ასაკში განასახიერეს ლირი. და ყველა მათგანი  ძალიან განსხვავებულად ასრულებდა ამ როლს - ამ ბოლო ფრაზას ჩურჩულიდან კივილამდე, რიტმის და ხმის ნელი მატებით - რისი ინტერპრეტაციაც დაუსრულებელია, როგორც შექსპირის ყველა პიესას.

 

ეჭვი არ მეპარება, რომ დოიაშვილის, გეწაძის ლირის ინტერპრეტაციები ქართული თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ყველა კომპონენტის შესწავლით და კვლევის საფუძველზე, სამყაროს აღქმით, დროის შეგრძნებით, მაყურებელთან დიალოგით, მსახიობთა დაუღალავი შრომის და შექსპირის ინტერპრეტაციის ტრადიციების გამდიდრების გათვალისწინებით.

 

მაგრამ რა ვუყოთ, როცა სუნთქვა გვეკვრის ნაბიჭვრების ხელში ჩავარდნილ სამყაროს დროში ცხოვრებისას.

გილოცავთ ქართული თეატრის დღეს!

14.01.2024

ლევან ხეთაგური

 

 

 

 



[1] Theatre Men

[2] Basters - ინგლ. ნაბიჭვარი, უკანონო შვილი

[3] ინგლ - იყენებს უწმაწურ სლენგს

[4] Ben Crystal. Shakespeare on Toast, London, 2016       

No comments:

Post a Comment