Wednesday, March 4, 2015

ტექსტის ტრანსფორმაცია



ტექსტის ტრანსფორმაცია

თანამედროვე თეატრმცოდნეობაში ტექსტი, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების ერთეული გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს და არა მხოლოდ თეატრმცოდნეობაში, თავად თეატრშიც ყველაფერი ”ტექსტად” აღიქმება. სათეატრო კვლევამ სტრუქტურალიზმიდან სემიოტიკამდე სხვადასხვა ევროპული სკოლები (ჩეხური, პოლონური, ფრანგული) მოიცვა.
განსაკუთრებით მნიშნელოვანი ხდება დრამატურგიული ტექსტის ტრანსფორმაცია, რომლის განსხვავებულ ფორმები და ტრადიციები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში.
თეატრის კვლევის უძველესი ტრადიცია არისტოტელედან მოყოლებული (პოეტიკა - კვლევა ტრაგედიის წარმოქმნისა) XIX საუკუნის ბოლოდან ახალ განზომილებაში გადადის და იგი მოითხოვს, რომ თეატრი არა მხოლოდ მომიჯნავე დარგების სპეციალისტებმა იკვლიონ, არამედ ცალკე კვალიფიკაციის მქონე მეცნიერებმა, თანაც ინტერდისციპლინური აზროვნებით და კვლევის მეთოდოლოგიით.
სათეატრო ხელოვნება აღარ აღიქმება მხოლოდ, როგორც ნარატიულ-დრამატულის მონობაში მყოფი;  თავისი წარმოქმნის დროს იგი არსებობდა გაშლილ სივრცეში და მთელი შემდგომი ეპოქების განმავლობაში, ხან ტაძარში, ხან მოედანზე, ხან ეზოში - იგი ბურჟუაზიულ - ობივატელური საზოგადოების მიერ ოთხკედელში მოქცეული დატყვევებული დიონისეს ენერგიის ამოფრქვევას ცდილობდა ექსპერიმენტების ახალ სივრცეში გადასვლით.
თუკი ცივილიზაციას ჩვენ განვიხილავთ, როგორც ადამიანთა კეთილდღეობის ზრდის ისტორიას, მის პარალელურად მუდამ შევნიშნავთ მის ბრძოლას ხელოვნების თავისუფალი აზროვნების მიმართ, სწრაფვას მის დასამონებლად და ჩარჩოებში მოსაქცევად. ხელოვნების ჯანყი კი მის ნახტომს ამზადებს, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებასაც ანვითარებს. სათეატრო ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში საზოგადების განვითარების სამსახურში იდგა (ცოდნის შენახვით და გადაცემით, დიდაქტიკით და მორალით, დაცინვით და კრიტიკით, პატრიოტიზმით და მოქალაქეობით), იგი ადამიანებს არა მხოლოდ ადამიანების სულიერ კათარზისზე, არამედ ინტელექტუალურ ზრდაზეც ზრუნავდა, ამიტომაც ისტებლიშმენტი სხვადასხვა დროს მას ცენზურას უწესებდა.
მიუხედავად ისტორიულ წიაღსვლებისა სათეატრო ისტორიის ლომის წილი მოდის ისეთ პერიოდებზე, რომლის დროსაც თეატრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს დრამატურგია, პიესა, დრამტული ნაწარმოები, ტექსტი.
ქართული თეატრი არ წარმოადგენს გამონაკლისს და როგორც ჩვენ განვსაზღვრავთ, ჩვენი თეატრი დასავლური დრამატულ-ტექსტზე დაფუძნებული თეატრის ტიპია.
XIX საუკუნეში ქართული პროფესიული თეარის შექმნა მუდმივმოქმედი დასის სახით, მნიშვნელოვან ეროვნულ ამოიცანებს ემსახურებოდა. იგი იყო ერთერთი მნიშვნელოვანი გზა ეროვნული იდენტობისათვის. თეატრი ინარჩუნებდა და ანვითარებდა ქართულ არა მხოლოდ სალიტერატურო, არამედ მონაწილეობდა უკვე სალაპარაკო ენის განვითარებაშიც, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში, ეროვნული მოძრაობის პოპურაზაციაში. ცალსახაა რომ ილია ჭავჭავაძისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის ქართული თეატრის განვითარება დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოების ერთერთი საშუალება იყო.
ეს რომ უბრალო მოსაზრებად არ დარჩეს, კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან. არმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი და სხვა (იმპერიებში შემავალი ერთეულები) თეატრს იყენებენ XIX ს-ის მეორე ნახევარში საკუთარი ეროვნული თვითგამოხატვისთვის, ენის შენარჩუნებისთვის და ეს მოქალაქეების ხარჯზე ხდებოდა. ესეც მნიშვნელოვანი მსგავსებაა. XIX ს-ის თბილისის მოქალაქეები აშენებენ თეატრებს და არა სახელმწიფო. მოქალაქეები აშენებენ და ჩუქნიან თანამოქალაქეებს. ეს ისტორიული ფაქტიც დასავლური აზროვნების შედეგია: სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნებისა ხელოვნების ხელმისაწვდომობაზე.
ქართული თეატრი არ იყო მდიდარი დრამატურგიული ტრადიციებით, ამიტომაც არ იყო შემთვევითი  ის გარემოება, რომ XIX ს-ის ქართველი ინტელექტუალები აქტიურად ჩაერთვნენ  ეროვნული დრამატურგიის ჩამოყალიბების საქმეში, მასში სრულყოფილი ენის შექმნით (არა ისე როგორც ეს თუნდაც გიორგი ერისთავის გადმოქართულებულ ვოდევილებში იყო), ამიტომაც ჭავჭავაძე, წერეთელი, მესხი, ყიფიანი და მრავალი სხვა ერთვება თარგმანებისა და გადმოქართულების საქმეში, არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დროს იწყებს მაჩაბელი შექსპირის თარგმანებს, რაც დღესაც სანიმუშოა თვისი არა მხოლოდ დახვეწილი ქართულით, არამედ ჩინებული სათეატრო ენითაც.
წინამდებარე ნაშრომი ახალგაზრდა მკვლევარის - ნიკოლოზ წულუკიძის სამაგისტრო ნაშრომის გადამუშავებული ვარიანტია. და თავად ის ფაქტი, რომ სამაგისტრო კვლევა დაეთმო ქართულ თეატრში უცხოური დრამატურგიული ტექსტის შემოტანას, მიანიშნებს ამ გარემოების და პროცესის მნიშვნელობაზე ჩვენი თეატრის ისტორიაში. რა ადგილი უკავია თარგმანს, რას ფიქრობენ ქართველი ინტელექტუალები ამის შესახებ და როგორ ვითარდება ეს პროცესი ქართულ თეატრში. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია პრობლემა დრამატული ნაწარმოების - წყაროს პრობლემა, რასაც ავტორი განიხლავს, ევროპულ ტრადიციებში და ყურადღებას ამახვილებს შექპირზე და XX საუკუნის მაგალითზე.
წარმოდგენილი ნაშრომი ერთერთ პირველი მცდელობაა ერთდ მოუყაროს თავი XIX საუკუნეში დაწყებულ ტრადიციას უცხოური პიესების გადმოქართულებისა და აჩვენოს მისი არა მხოლოდ განვითარება და გაგრძელება, არამედ კავშირიც თანამედროვე ქართულ თეატრთან.
თარგმანი და გამოქართულება...
სათეატრო ინტერპრეტაციის დროს ერთერთი მნიშვნელოვანი ფაზა, სწორედ თარგმანია, თარგმანის დროს ხორციელდება პირველი ”ჩარევა” ორგინალური ტექსტის ქსოვილში - ერთი ენიდამ, მეორე ენაში გადმოსატანად.
ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ XX საუკუნეში ევროპულ თეატრში უკვე დამკვიდრებულ ტრადიციად აღიქმება - ყოველი ახალი დადგმისთვის (იგულისხმება უცხოური პიესა) ახალი თარგმანის დაკვეთა ან მომზადება.
XIX საუკუნის გამოცდილებით თარგმანებს ევროპაში ცნობილი დრამატურგები ახორციელებდნენ. ფრანგულ თეატრში კი ასეთი მაგალითიც კი არსებობდა - XX საუკუნეში ცნობილი რეჟისორი ანტუან ვიტეზი (1980-იანი წლების ბოლოს კომედი ფრანსეზის მთავარი რეჟისორი იყო) უცხო ენებს სწავლობდა, რათა თავად ეთარგმნა შერჩული პიესები დადგმისთვის, ხოლო ”ელექტრას” (სოფოკლე) დადგმისას, რომელსაც რამოდენიმეჯერ მიუბრუნდა, ბერძნული ენა შეისწავლა, და ყოველი დადგმისას თარგმანს თავიდან აკეთებდა; ჩეხოვის დადგმისას კი უკვე რუსულიც ისწავლა.
მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დრამატურგიული ნიმუშების ადაპტაციები სხვადასხვა ენობრივ სივრცეებში მხოლოდ ქართული მოვლენა არაა, იგი ხშირად გვხვდება ევროპულ თეატრშიც (არაფერი რომ არა ვთქვათ ცნობილი სიუჟეტების გადამუშავების ტრადიციაზე), მაგალითად შოუს ”სახლი სადაც გულები იმსხვრევა” ჩეხოვის ბრიტანუყლი ადაპტაციაა, დიურებნმატის ”ვთამაშობთ სტრინდბერგს” სტრინდბერგის ”სიკვდილის როკვის” გერმანულენოვანი ვერსიაა; XX საუკუნეში კლასიკურ სიუჟეტებზე ნაწარმოებების თარგმანა, ადაპტაციებზე ბრეხტიც და ფასბინდერიც მუშაობდა. ფასბინდერს არაერთი ნაწარმოების გერმანულენოვანი ვერსია ჰქონდა შექმნილი თავისი ”ანტითეტრისთვის”.
ქართულ თეატრში XIX საუკუნეში დაწყებული ტრადიცია,  დღესაც ცოცხალია, რამდენი მნიშვნელოვანი სპექტაკლი შეიქმნა უცხოელი ავტორების და ქართველი თანაავტორების მიერ ქართული თეატრისთვის.
ამ პროცესის წარმოჩენა და კვლევის ობიექტად ქცევა, ასევე ხაზს უსვამს ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესების ევროპულ-დასავლურ ანალოგიას, იმას რომ XIX საუკუნეშიც ჩვენი ინტელექტუალები დასავლური გზით ანვითარებდნენ ქარფთულ კულტურას. XX საუკუნის ბრიტანული თეატრი ასევე ინარჩუნებს - გადამუშავების (ტექსტის ტრანსფორმაციის) ტრადიციებს თეატრში.
ქართულ თეატრს სურდა კარგი უცხოური დრამა შემოეტანა ქართულ რეალობაში, მიმდინარე რეპერტუარში, გადმოექართულებინა, დაეახლოვებინა იგი მაყურებელთან. ხშირად ეს მხოლოდ სახელების შეცვლით არ შემოიფარგლებოდა და ესეც ბუნებრივია. განა თეატრალური დადგმა ”სამშობლოს” ისტორია - უკვე საქართველოს ისტორიის ნაწილი არაა, ეროვნული მოძრაობის საზოგადოებრივი ტალღის სტიმული, რაზეც არაერთი წიგნი და სტატია.
თეატრს ყოველთვის სურდა საუკეთესო უცხოური პიესა, რომ მის რეპერტუარში ყოფილიყო, თავის მაყურებელსაც ენახა იგი, ამიტომაც იწერება და ხორციელდება ტექსტების ტრანსფორმაციები და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება სანამ დრამატული თეატრი იარსებებს. 


ლევან ხეთაგური, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი  

No comments:

Post a Comment