Friday, March 28, 2014

მესამე რეალობა /მომავალი თეატრის მანიფესტი/


მესამე რეალობა
/მომავალი თეატრის მანიფესტი/

                                                                         ლევან ხეთაგური
საუკუნეების განმავლობაში სერიოზული მცდელობები იმისა, რომ გაგვერკვია სად ვიყავით წარუმატებლად მთავრდებოდა.
ფილოსოფოსთა თაობები, მიუხედავად სკოლებისა და მიმართულებების
დასახელებათა სიმრავლისა, ანტიკურობაში დასმულ შეკითხვებს
ვერ გაცდნენ და ვერც ახალი ვერ შემოგვთავაზეს.
დროისა და ისტორიის ლაბირინთებში მოძრაობისას ახალი კარი არ გაგვიღია _ ერთიდაიმავე მოვლენებისადმი სახელთა მინიჭებაში
ვეჯიბრებოდით ერთმანეთს.
სულ უფრო და უფრო ვშორდებოდით საკრალურსა და ეზოთერულს.
სულ უფრო უკეთ და უკეთ ცხოვრობდა კაცობრიობის დიდი ნაწილი.
სულ უფრო და უფრო ღარიბდებოდა ჩვენი სულიერება.

მოკლედ და კონკრეტულად, ჩვენ XXI საუკუნეში ვართ, – სიყვარულის
რელიგიაზე დაფუძნებული წელთაღრიცხვისა, რომელშიაც ერთმანეთის
სიყვარულის დეფიციტმა სულიერ გამყინვარებამდე, მაგრამ გლობალურ
დათბობამდე მიგვიყვანა.
ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ, მაგრამ სად და რომელ განზომილებაში?
ესპანური აღორძინებ გვირგვინოსანმა კალდერონმა მრავალსაუკუნოვანი თავსატეხი ასე გამოხატა  - ცხოვრება სიზმარია?!
ცალსახაა ის გარემოება, რომ მრავალსაუკუნოვანი წარმოდგენა ორ სამყაროს შორის არსებობდა, ორ-ორ განზომილებას გვთავაზობდა.
ცხოვრება – სიზმარი
სიცოცხლე – სიკვდილი
სამოთხე – ჯოჯოხეთი
თუმცა რელიგიას მესამე სამყაროც შემოჰქონდა განსაწმენდელი, როგორც მესამე განზომილება.
კალდერონი გვეკითხებოდა: სად არის ჭეშმარიტი რეალობა, სად ვარსებობთ ჩვენ სინამდვილეში _ იქ, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ თუ იქ, რასაც ჩვენ სიზმარს ვეძახით.
სად არის ჩვენი ნამდვილი არსი?
ერთი შეხედვით მარტივად თუ შევხედავთ ამ საკითხს ვიტყვით: ფიზიკურად ჩვენ ვარსებობთ ე. წ. რეალურ ცხოვრებაში, ხოლო ჩვენი ცნობიერება შიშვლდება ე. წ. წარმოსახვით სიზმრების სამყაროში – ასევე რეალურში ჩვენი ცნობიერებისათვის.
სად არის ადამიანი, ის რაც ის არის სინამდვილეში? ანუ ისეთი,
როცა აღასრულებს ანტიკურობიდან მოყოლებულ შეგონებას -  ’შეიცან თავი შენი”                  ანდა ”იყავი ის რაც ხარ”
აქ, თუ იქ?
ეგრეთ წოდებულ ცხოვრებაში, თუ სიზმარში?
ფსიქოლოგები ალბათ იტყვიან, რომ იქ _ სიზმრებში.
ახალი განზომილება
სამყაროს განვითარება
ინტერაქტიულობა -
ხელოვნების მიბაძვა – ცნობიერების ნაკადისადმი
პოსტმოდერნიზმიდან – კვლავ ნეო ინტელექტუალიზმამდე
ერთმა ჩემმა ნაცნობმა ამასწინათ მითხრა: ”უკვე მთავრდება შტაინერისა და მასთან დაკავშირებული პოსტმოდერნის ეპოქაო” …
და მრავალი ნეოიზმების ეპოქა – მაშ რა იწყება ახლა?
პოსტ პოსტ?
90-იან წლებში ესპანელი თეატრმცოდნე ხოსე ანგელი გომესი ბარსელონიდან ფართოდ იყენებდა და პოპულარიზაციას უწევდა ”პოსტ თეატრის” თეორიას. იგი წერდა სტატიებსა და წიგნებს პოსტჰამლეტის, პოსტდონჟუანის ანუ ე. წ. პოსტთეატრის შესახებ ახალი თეატრის მოლოდინის იმედით.
ხელოვნების შესწავლა – ხელოვნების ფილოსოფოსობაში გადასვლა;
თანამედროვე ხელოვნება – მცოდნეები უკვე არიან კულტურის ანთროპოლოგები.
ინტერაქტიულობიდან – მულტიმედიურ გამოსახვამდე…
ჩვენი აღქმის პროცესია ინტერაქტიული, რაც განაპირობებს ჩვენი თვითგამოხატვის დროს ინტერაქტიულობის დაცვას – ამის საშუალება კი მხოლოდ მულტიმედიური საშუალებებითაა შესაძლებელი.
ჩვენი არსებობა ერთდროულად რამოდენიმე რეალობაშია – მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს კიბერ რეალობაა – რომელიც მოითხოვს – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც თვითგამოხატვის საშუალებას.
- ჩვენ ერთდროულად ვუსმენთ, ვუყურებთ, ვფიქრობთ, ვწერთ და ვკითხულობთ – კიბერსამყაროში ერთდროულად ვურთიერთობთ რამდენიმე ადამიანთან, შეიძლება ათეულთანაც კი ისე, რომ მათ ეს არ იციან, ჩვენ ვინიღბებით კიბერსამყაროში შეთხზული ბიოგრაფიებით, ნასესხები ინდივიდუალობებითა და სახეებით.
(პირდაპირი მნიშვნელობით – თუკი ანტიკური თეატრიდან მოყოლებული ჩვენი საკუთარი სურვილების სუბლიმირებას სცენაზე მოთამაშე მსახიობისა და გმირის საშუალებით ვახდენდით _ ახლა ეს პროცესი უშუალოდ ჩვენს ხელშია _ კიბერ რეალობამ მოგვცა საშუალება კიბერ სივრცეში ვიქცეთ იმათ, რაც გვინდა და გავხდეთ კიბერ მატერიალური და არა წარმოსახვითი მხოლოდ);
ჩვენ ვყიდულობთ ახალ სიცოცხლეს (მეორე სიცოცხლის – მეორე რეალობის ინტერნეტსივრცე) და ამიტომაც ჩვენი გამოხატვის ენა ხდება კიბერ ენა – ციფრებით არსებული სამყაროს თანამედროვე ტექნოლოგიები.
- კიბერსამყაროში ჩვენ ვარსებობთ დროსა და საზღვრებს მიღმა, ენასა და რეალობას მიღმა, პრაქტიკულად ზედროულ და ზერეალურ განზომილებაში.
როგორია ამ დროის ხელოვნება, რა არის მისი გამოხატვის საშუალებები – თეატრი – პერფორმანსი ხდება ხელოვნებათა სინთეზის, ადამიანის ნააზრევის მისი კიბერზმანებათა გამოხატვის ერთადერთი საშუალება. ისე როგორც არასდროს დღეს ხელოვნება სინთეზურია.
- თვითგამოხატვის პროცესი – უსაზღვრო, ღრმა და დაუსრულებელი;
- ჩვენ აღარა ვართ ამბების სამყაროში;
- ჩვენ ვართ შეჩერებული წამისა და წამების უსასრულოდ ქცევის სამყაროში;
- ჩვენ აღარა ვართ დასრულებული ნაწარმოებების ეპოქაში, ჩვენ ვართ სივრცეში გაწელილი მოძრაობის, სიტყვის, ბგერის, და ა. შ. უსასრულო სამყაროში და კოსმოსში გაგზავნილი გზავნილების ეპოქაში.
ტრადიციული აზროვნება და ფორმები კვდება ისე, როგორც არასდროს;
თაობათა ომი სასტიკია, როგორც არასდროს;
- სამყაროს დაშლა დაწყებული ბაბილონში – აღდგენის გზაზეა კიბერსამყაროში;
ჩვენ ვხვდებით კიბერსამყაროს მოქალაქეები;
ვიცით თუ არა ტექნიკა, ახალი ტექნოლოგიები – მიუხედავად ამისა ჩვენი გამოხატვის საშუალება მხოლოდ ტექნიკაა;
ჩვენ შეიძლება ბოლო ათწლეულს ვითვლით ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნებისა – ეკოლოგიის დაცვასთან ერთად – ქაღალდის მაგივრად ყველა წიგნი – კიბერსამყაროში გარდაიცვლება და ციფრული ფორმით დაიბადება;
ჩვენ მალე დავიბადებით და გარდავიცვლებით კიბერსამყაროში – ჩვენი არსებობა კოსმოსში გადადის;
- ჩვენი არსებობა ხდება უსასრულო;
როგორი შეიძლება იყოს თეატრი ახლა?
თეატრი – ინტერაქტიული.
თეატრი ერთდროულად მოსაუბრე ყველა ენაზე, ყველასთან საზღვრების გარეშე, მოსაუბრე ყველასათვის გასაგებ ენაზე – ბგერებით, ხმაურით, ფერით, მოძრაობით, მუსიკით, სინათლითა და ჩრდილით; გამოსახულებით, პროექციით და ტრანსლაციით, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ერთდროულად მთელს სივრცეში.
სივრცე აღარ არის მხოლოდ სათეატრო, სივრცე გასცდა თეატრის კედლებს, იგი გახდა უსაზღვრო.
მაღალ ტექნოლოგიებთან ერთად თეატრი ხდება უფრო საიდუმლო და უფრო მისტიური, ის ისე როგორც არასდროს ყველაზე ახლოსაა სულის გასაშიშვლებლად,
გონების საჩვენებლად…
თუკი ადრე თეატრი ცხოვრებას აჩვენებდა და მასში ადამიანებს, ახლა იგი იმას აჩვენებს, თუ რა ხდება ადამიანებში ცხოვრების დროს.
იგი აშიშვლებს გონებაში მიმდინარე ცნობიერების ნაკადს, უსასრულობაში გადასულ აზროვნებას, ასოციაციების რიგს და ყველაფერს რაც გონებაში ხდება;
სიზმრების გამოხატვა გახდა შესაძლებელი, ფიქრის ჩვენება გახდა რეალური – თეატრს შეუძლია უკვე აჩვენოს რას ვფიქრობთ, რას ვაკეთებთ და რისი გაკეთება გვსურს.
ამის საშუალებას იძლევა მულტიმედიური თეატრი, თანამედროვე ტექნოლოგიები.
სცენაზე სინათლით დაღვრილი ფერთა ლაქები, თეატრის ყველა კუთხე გადაქცეულია პროექციის ადგილად – ყველგან მიდის ჩვენს გონებაში მიმდინარე პროცესის, ხატებების პროექცია – და ჩვენ ვაღწევთ ადამიანის სულში მიმდინარე პროცესებში – არა მონათხრობით, არამედ უშუალო ცქერით, საიდუმლო ლაბირინთებში შეღწევით.
თეატრი არასოდეს არ ყოფილა ასე ახლოს – საიდუმლო სამყაროს გამოხატვასთან _ თეატრი ხდება გლობალური და ამავედროს ძალიან ინტიმური – სპექტაკლი ემსგავსება მედიტაციისა და მაგნეტიზმის სეანსს.
თეატრი ემსგავსება მისტიკური სამყაროს ვიზუალურ პროექციას.
თეატრი იწყებს ყოველდღიური რიტუალების შექმნას – თეატრი ლოცულობს სამყაროსთვის, ადამიანის გონების გაშიშვლების საშუალებით.
სინათლე, მუსიკა, ფერი, ხმაური ხდება ადამიანის სხეულის სიშიშვლის შემოსვის საშუალება.
ადამიანი დღეს ლაპარაკობს საკუთარი შიშველი სხეულით და არა სიტყვებით.
დღეს ისე როგორც არასდროს თეატრს ერთიანი ენა ჭირდება და ეს ენა ხდება ადამიანი _ მსახიობი, როგორც საზომი სამყაროში აზრის გადაცემის ერთეულისა, ღირებულება, რომლის მაღლაც არაფერი აღარ დგას.
თანამედროვე მაღალი განვითარების ცივილიზაციის ღირებულება, ცივილიზაციის ხელოვნების ნიმუშად თავად ადამიანი იქცა და ყველაფერი, რასთანაც ადამიანს აქვს შეხება, შეიძლება, ასევე იქცეს ხელოვნების ნიმუშად.
ადამიანი, როგორც თავისუფლების საზომი, ადამიანი, როგორც მშვენიერების ნიმუში, ადამიანი, როგორც ბუნებისა და სამყაროს თვითგამოხატვის საშუალება.
მსოფლიო კულტურაში – ღმერთი აბსოლუტია, რომელშიც ერთიანდება რელიგიები სახელების მიუხედავად, ეთნოსები ეთნიკურობის მიუხედავად – დღეს ღმერთი აბსოლუტია – ღმერთია ხელოვნება და ხელოვნების ქმნადობა, პროცესი და შედეგი.
დღეს რეალობები ერთმანეთთან მიმართებით ფარდობითია.
დრო ათვლის სისტემიდან ერთ დიდ უსასრულო სიბრტყეში ინაცვლებს, სადაც აღარ არის დასაწყისი და დასასრული, წამები და წუთები არის მხოლოდ უსასრულობა, ციფრული უსასრულობა.
- აბსოლუტი ნული და ერთით მეტი, უმარტივესი ჭეშმარიტება;
- პითაგორადან დღემდე ერთი ნახტომი აღმოჩნდა;
- სამყარო ციფრებშია მოქცეული;
- სამყაროს საფუძველი აბსოლუტური ჰარმონია ნულია და ყველაფერი იცვლება და იქმნება მარტივი ერთიანის დამატებით;
-სამყარო მხოლოდ ნული და ერთიანია.
ნული, როგორც უსასრულო სამყარო და ერთი, როგორც ყოველი ინდივიდი მასში.
2008-2009

No comments:

Post a Comment