Saturday, March 29, 2014


დავტირით კრიტიკის გარდაცვალებას
(ვახსენებთ კრიტიკას, მაგრამ ამ შემთხვევაში სათეატრო კრიტიკას ვგულისხმობთ)

ეს წერილი არ ეხება ”ვინმეს”, რადგანაც მთელი მისი არსი სწორედ რომ ობიექტის გარდაცვალების შესახებაა.

რამდენად შეეგუება კრიტიკოსი საკუთარი თავის გარდაცვალებას, რათა დაიმარხოს სტერეოტიპებთან ერთად, მაგრამ აღსდგეს ახალი მოვალეობანით, რომელსაც თავად ეს პროფესია აკისრებს - ნებისმიერი პროფესია ცოდნას გულისხმობს: მიღებულს, შეძენილს, გამომუშავებულს. ცოდნა, რომელიც ადამიანს განათლების ჰორიზონტს უფართოვებს /ქართულ ენეში არაჩვეულებრივადაა სიტყვა განათლება აზრობრივად - ნათელთან, გაბრწყინება, განათებასთან - დასავლური ცივილიზაციის ეზოთერულ ცოდნასთან გაიგივებული - განათლება აზრობრივად თითქმის განდობასთანაა მიახლოებული/ და მას ანალიტიკური უნარჩვევების განვითარებაში ეხმარება.

დღეს დეფიციტი კრიტიკისთვის, ისევე როგორც და საერთოდ გამართულ და ლოგიკურ ანალიზშია.
ჩვენ გვიყვარს აღწერები, მაგრამ მოვიკოჭლებთ ანალიზში.
ანალიზი კი პროფესიონალის, დღეს პოპულარული დეფინიციით - ექსპერტის მთავარი იარაღი უნდა იყოს, რაც პირდაპირ პროპორციულია ინდივიდის ცოდნისა და განათლებისა (ინფორმაციის მუდმივ გაანალიზებასთან). ანალიზი ხშირად გვიჭირს. მსჯელობის ლოგიკა შესუსტებულია, არგუმენტები სუსტი.
როცა ანალიზს ვერ ახერხებ, არგუმენტები ვერ მოგყავს - ირჩევ ძალადობის გზას.
ე.ი. ცოდნისა და განათლების გარეშე ინდივიდი იოლად შეიძლება ძალადობის გზას დაადგეს იმის გამო, რომ ცოდნაც და განათლებაც საზოგადოებრივი დეფიციტია.

საზოგადოება უმრავლეს შემთხვევაში ინდივიდთა და ხელოვანთა მიმართ მოძალადეა!
ღმერთის სიკვდილის /ნიცშე/ აღმოჩენის შემდეგ ლოგიკური იქნებოდა, რომ ავტორის სიკვდილიც /როლან ბარტი/ აღმოგვეჩინა.
ავტორის სიკვდილი კი იწვევს კრიტიკოსის /ტრადიციული გაგებით/ სიკვდილსაც.
კლასიკური გაგებით კრიტიკოსი უნდა შეიცვალოს მოაზრივნე ანალიტიკოსად. სნობურ პოზას ამოფარებული კრიტიკოსი, რომელიც ხშირად ”მესადღეგრძელოე” მგოსნად იქცეოდა ხოლმე, ისტორიას ბარდება. ყოველშემთხვევაში ვის აინტერესებს დღეს ”სახელოვნებო სადღეგრძელოები” კრიტიკოსების მხრიდან, რომელშიც ჯერ არის და თავიდან გვიყვებიან ნაწარმოებებს და მათ შორის თავად შემქმნელნთ კეკლუცად აღუწერენ მათ მიერვე შექმნილ ცპექტაკლებს. მაგრამ ვერ ხსნიან, ვერ ავლებენ პარალელს სათეატრო ტექსტსა და პირველწყაროს შორის.

შინაარსის მოყოლის შემდეგ კი საუკეთესო შემთხვევაში კომპლიმენტების ცვენა, მოხიბლული კეკლუცი კრიტიკოსი ვერ მალავს თვის აღტაცებას და აღაჟღაჟებული ლოყებითა და თვალების მინაბვით დასძენს კიდევაც ალბათ რომ მსგავსი საოცრება არ უნახავს, თუმცა არავინ არ იცის რა უნახავს მას თვითდაოსტატების გზაზე /თუმცა მეორე გზის შემთხვევაშიც თუკი ლანძღვის გზას აირჩევენ არგუმენტების ძებნას არც მაშინ ეცდებიან/.

კრიტიკოსი მეგზურია იგი ყველა შემთხვევაში უნდა ეხმარებოდეს თეატრსაც და მაყურებელსაც, მისი ფუნქცია მედიატორობაა პირველ რიგში, შემდეგ კი მოვალეობა ანალიტიკოსობისა.  
კრიტიკოსი, როგორც მაყურებლის მეგზური - შუამავალი თეატრსა და აუდიტორიას შორის. კრიტიკოსის ერთერთი მოვალეობაა დაახლოვოს ხელოვანი და აუდიტორია /ასე ფიქრობდა გორდონ კრეგი თითქმის ასი წლის წინ/, ეს ფუნქცია კიდევ უფრო ძლიერდება საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ თავად თანამედროვე სამყაროში ხელოვანის ტრადიციული გაგებაც გადაფასებულია.
მსახიობის მხრიდან ცუდი თამაშის დროს, მაყურებლის მხრიდან სტვენის ტრადიციის გაქრობას ბრიტანეთში კრეგი განიცდიდა და რა უნდა ვუყოთ კრიტიკოსს არაპროფესიონალური პუბლიკაციის ანდა უფრო უარესი ტექსტის-აზრის ქურდობის შემთხვევაში დასტვენა რომ არ ეყოფა ცხადია, მაგრამ თუ ასეთი ქურდობისათვის დააჯილდოვეს კიდევაც ეს ხომ საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც თურმე ხდემა ხოლმე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიების გადაცემის დროსაც კი.

ვის სჯერა სტერეოტიპის?

გამწარებული, ცხოვრებაზე გაბრაზებული კრიტიკოსი თეატრში მიდის იმისათვის, რათა რამე ცუდი იპოვოს და შემდეგ მაყურებლის წინაშე გამოაჭენოს.

ვის სჯერა ამის?
მანიაკალური სინდრომით შეპყრობილი კრიტიკოსისა?
რატომ უნდა უნდოდეს კრიტიკოსს დაბალი პროფესიონალიზმისა და მდარე ხარისხის ხილვა თეატრში?
თუ ეს სტერეოტიპი თავად უნიჭო თეატრებისა და ხელოვანთა მონაგონია, რათა თავიანთი უნიათობა კრიტიკოსთა ბოროტ მანიაკალურ თვისებებზე გადაამისამართონ?
ძნელი წარმოსადგენია სადო-მაზოხიზმით შეპყრობილი კრიტიკოსი, რომელიც დღე და ღამეს ასწორებს იმის ცდაში რომ ცუდი წარმოდგენა იხილოს და შემდეგ ლანძღოს - პირდაპირ საშინელებათა ფილმების სერიული მკვლელის იდეალური სახე იქნებოდა, დანის მაგივრად ხელში კალმით ანდა მომარჯვებული თითებით კომპიუტერთან.
ვის ჭირდება ასეთი სტერეოტიპი - შეუმდგარ რეჟისორებს, ორნახევარი სპექტაკლების შემქმნელ ფსევდო ინტელექტუალებს და პროფესიაზე დარდით დამძიმებულ ონავარებს, სხვათა პროგრესის შესაჩერებლად, რომ ძალღონეს არ იშურებენ, თუ მდივან ”მემანქანეებს”, რომლებიც უფროსის გულის მოსაგებად წერისას ფსევდონიმის გამოყენებით, რომ უძღვნიან საქებარ ოდებს.

კრიტიკოსს სჭირდება საინტერესო ხელოვნება, ნებისმიერი ფორმა და პიროვნული თვითგამოხატვის ნებისმიერი გამოვლინება.
კრიტიკოსი ცხოვრებისეული და სახელოვნებო პროცესების ანალიზითა და გამოვლინებებით უნდა ცხოვრობდეს და მაშინ ის საკუთარ ფუნქციას - სახელოვნებო მოვლენის ადგილის განსაზღვრას - პატიოსნად აღასრულებს.

კრიტიკოსი, თუ ის თეორიების შემქმნელი არ ხდება და მაშინაც კი, კონკრეტულ ნაწარმოებზე, ან ნაწარმოებებზე საუბრის დროს საკუთარ თეორიებს არ უნდა ახვევდეს გარე სამყაროს.

ქართული გამოთქმა: ”სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურეო” - უნივერსალურ მეტაფორად შეიძლება მივიღოთ - კრიტიკოსმა ყოველთვის იმ ”ქუდზე” უნდა ისაუბროს, რომელსაც კონკრეტული ნაწარმოები სთავაზობს,. იმ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე რითაც ეს ქუდია შექმნილი. ჩვენ ჯერ ერთ ენაზე უნდა შევთანხმდეთ და მერე ვიკამათოთ ამ ენაში დაშვებულ შეცდომებძე და მიღწევებზე.

ვის უხარია ყალბი ქება?

ძალიან უნდა ქონდეს საკუთარი თავი მოძულებული, რომ ტყუილ მაქებარა მოგწონდეს, რომელიც ვერ აანალიზებს შენს ნაწარმოებს, მაგრამ აქებს და აქებს, რადგანაც სხვანაირად არ შეუძლია, სხვანაირად არ იცის.

მე ყოველთვის ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ავტორმა და მკითხველმა გაცილებით მეტი შეიძლება მიიღოს კრიტიკოსის ანალიტიკური კრიტიკისაგან, ვიდრე საქებარი-სადღეგრძელოებისაგან, რომელც თქმასთან ერთად საპნის ბუშტივით ქრება.

რა გვინდა დღევანდელი კრიტიკოსისაგან?
დღევანდელი კრიტიკოსისაგან უბრალოდ მოვლენის შესახებ იმფორმირება საკმარისი აღარაა, ამას ჟურნალისტები, რეპორტაჟის სახითაც მოახერხებენ, რაც საკმაოდ მომრავლებულია ტეატრმცოდნეების ნიღაბს ამოფარებულნი.
კრიტიკოსს კვლევა მოეთხოვება და მის შედეგად ანალიზი, ხანდახან პროგნოზირებაც კი.

რას იკვლევს კრიტიკოსი?
-ცხოვრებისეულ პროცესს /კონტექსტში/
-სახელოვნებო პროცესს /გლობალური - ლოკალური/
-დრამატურგიული ტექსტის /ლიტერატურის, იდეის, სცენარის / გადატანა, გარდაქმნას სათეატრო ტექსტად
-სათეატრო ტექსტის ანალიზის შედეგად მისი ადგილის განსაზღვრას სახელოვნებო პროცესში.

ჭირდება თუ არა სათეატრო ნაწარმოებს მოყოლა ან თხრობა?
-შეიძლება მოკლედ თავშივე, ანუ ექსპოზიციაშივე და არა მთელი რეცენზია - კვლევის განმავლობაში
ჭირდება თუ არა მას აღწერა?
-დანიშნულების მიხედვით ანალიზის დასადასტურებლად და არა უაზრო ილუსტრაციისათვის, არა ადეკვატური თხრობით.

უნდა გააცნობიეროს თუ არა კრიტიკოსმა - საბჭოთა თეატრმცოდნემ, რომ სპექტაკლის შენახვა მისი ფუნქცია აღარაა, ამას კვლევისთვის და მომავალი თაობებისთვის ციფრული ტექნოლოგიები უკეთ მოახერხებენ.

კრიტიკოსი კარგად უნდა ერკვეოდეს ახალ ტექნოლოგიებში, მის ყოველდღიურ მოხმარებაში, მან უნდა იცოდეს, რომ დღეს ციტატა არა მხოლოდ წყაროა, არამედ ციფრული ნაწყვეტებიც. დიახ თქვენ რეცენზიის წერის დროს პირდაპირ სეგიძლიათ youtub-ის ლინკის მიცემა. სწორედ ეს გარემოება თქვენს ზედმეტ თხრობას უადგილოს ხდის...

ტირილის გაგრძელების მცდელობით, პანაშვიდების გაგრძელება შესაძლებელია

ლევან ხეთაგური
2010-2011

No comments:

Post a Comment